მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 22:59
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მასშტაბური ხანძრები ევროპის სამ ქვეყანაში – საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში – ათასობით ადამიანის ევაკუაცია გრძელდება

Prime Time 25 ივლისი, 2026 · 22:06 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მეხანძრე-მაშველები, ეროვნული გვარდიისა და ჟანდარმერიის დანაყოფები, მოხალისეები და ადგილობრივები საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ცეცხლის შეკავებას უკვე მეოთხე დღეა  ცდილობენ. სტიქიასთან საბრძოლველად ევროპის არაერთმა სახელმწიფომ ქვეყანაში სახანძრო ავიაციაც გაგზავნა. ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა ჟირონდის რეგიონში მუშაობს, სადაც ცეცხლმა დასახლებები და ტყეები – ათასობით ჰექტარი ტერიტორია უკვე გაანადგურა.

კერების ლოკალიზების პარალელურად, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ჟირონდის რეგიონში, ბისკაროსში, კაპ-ფერეს ნახევარკუნძულსა და ატლანტიკის სანაპიროს მიმდებარე რაიონებში, მოსახლეობის ევაკუაცია და სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. საკუთარი სახლის დატოვება უკვე 40 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია.

ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მეზობელი ესპანეთის რეგიონებშიც. მთავრობამ მადრიდისა და ავილას პროვინციებში კრიზისის მართვა სამხედრო საგანგებო ქვედანაყოფს ჩააბარა. ხანძრის ქრობის პარალელურად, მეხანძრეები, ეროვნული გვარდია და პოლიცია მოსახლეობის ევაკუაციაში მონაწილეობენ. ყველაზე რთული ვითარება მადრიდის რეგიონშია, სადაც, ხანძრების გამო, უკვე 19 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ცეცხლმა კი დაახლოებით 6 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა.

თუ საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრების მასშტაბი, ძირითადად, ბუნებრივ პირობებსა და გაუფრთხილებლობას უკავშირდება, იტალიაში ვითარება განსხვავებულია. მედიის ინფორმაციით, სტიქიის უკან კრიმინალი დგანან. იტალიის სამხრეთში, კალაბრიაში, სიცილიასა და ნაპოლის რეგიონში, ხანძრებს, გამოძიების ვერსიით, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები ხელოვნურად აჩენენ. გამოძიების მასალების თანახმად, ე.წ. “არსონისტები” ცხოველებს, მათ შორის კატებს, კუდზე საწვავში ამოვლებულ ქსოვილს აბამენ, ცეცხლს უკიდებენ და შემდეგ ტყეებსა და მინდვრებში უშვებენ. ცხოველების სწრაფი გადაადგილება ცეცხლის უკონტროლო და მყისიერ გავრცელებას უწყობს ხელს. გამოძიების ვერსიით, მიზანი გადამწვარი მიწების იაფად ხელში ჩაგდებაა.

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროპის მასშტაბით უკვე 254 388 ჰექტარი ტყის საფარი დაიწვა. ხანძრების შედეგად, ატმოსფეროში თითქმის 10 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი მოხვდა. ექსპერტების შეფასებით, ეს გარემოსთვის დამატებით საფრთხეს ქმნის, გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე და გლობალური დათბობის პროცესს აჩქარებს.