„მინდა ისეთი დედა ვიყო, როგორიც იყო დედაჩემი ჩემთვის…“ – ამონარიდი ტრაგიკულად დაღუპული ლიზა მოისწრაფიშვილის ინტერვიუდან

11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ლიზის ერთი გოგონა, 11 წლის ნიცა დარჩა… თვითონაც დედისერთა იყო. ის ცნობილი რეჟისორის, ნანა ახვლედიანის შვილი იყო.
წლების წინ, მაშინ, როცა ლიზი დედობის მოლოდინში იყო, „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ უნდოდა, დედამისს დამსგავსებოდა და მასაც ისეთი დედობა გაეწია პატარა ნიცასთვის, როგორიც მას ნანა ახვლედიანმა გაუწია.
„ჩემთვის დედობა ყოველთვის ნიშნავდა ყველაზე რთულ და სერიოზულ პროფესიას. როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, პირველი რეაქცია ის იყო, რომ გამიხარდა, მერე დავჯექი და მივხვდი, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა მეკისრებოდა.
ჩემს თავს ვუთხარი: ლიზა, მორჩა, შენ სერიოზული უნდა გახდე, ამის შემდეგ უფრო მშვიდი და ყურადღებიანი გავხდი, პატარა ნიცამ ჩემი გეგმები დააჩქარა, მინდა რომ სწრაფად მივიღო შედეგი. ვცდილობ, ყველაფერი ვისწავლო, მინდა კარგი დედა ვიყო, აი, ისეთი, როგორი დედაც იყო დედაჩემი ჩემთვის“, – ამბობდა ლიზა მოისწრაფიშვილი „ბათუმელებთან“.
„ძალიან მიხარია, რომ ვიქნები ახალგაზრდა დედა, ყოველთვის ვიზრუნებ საკუთარ გარეგნობაზე, 10 წლის შემდეგ ვიქნები კარგი დიასახლისი და მექნება წარმატებული კარიერა…“,- ამბობდა ლიზი.