მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 21:32
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი – გიორგი ბარამიძემ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ ნამდვილად არ ეკუთვნის წიხლი ივანიშვილის ღალატზე დაფუძნებული დიქტატურის მსახურებისგან – მინიშნებაც კი არ მსმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე

IPN.ge 8 აგვისტო, 2026 · 20:23 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

გიორგიმ[ბარამიძე] რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ მას წიხლი ნამდვილად არ ეკუთვნის ივანიშვილის ღალატზე დაფუძნებული დიქტატურის მსახურებისგან, რომელთაც უთავმოყვარეობა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

აღნიშნულით ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე სააკაშვილი წერს, მას არასდროს სმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე.

„მე და გიორგი ბარამიძე ძალიან დიდი ხნის მეგობრები და თანამებრძოლები ვართ. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ და აფხაზეთის ომის დროს, ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე. ერთად ვართ ნამყოფი სოხუმშიც და გუდაუთაშიც, სადაც კინაღამ ჩვენ თვითონ აგვიყვანეს ტყვედ.

მე, მინიშნებაც კი არ მსმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე და დარწმუნებული ვარ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. აი, ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი იქნა წარმოუდგენელი სამხედრო დანაშაულები აფხაზეთშიც და ცხინვალშიც. ცხინვალის შემთხვევაში ეს დადასტურებულია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ. ჩვენ, აუცილებლად აღვადგენთ აფხაზეთზე კონტროლს და ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი არავის, არაფერი შერჩება.

რაც შეეხება ქართველების სამხედრო დანაშაულებში დადანაშაულებას, ამას ივანიშვილის დავალებით აქტიურად აკეთებდნენ წულუკიანი, რომელმაც ხელოვნურად მოახდინა გამოძიების პროვოცირება 2008 წლის ომზე და ასევე „ქოცების“ დასმული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომლის გამონათქვამები რუსებმა წარადგინეს ქართველების წინააღმდეგ მტკიცებულებებად.

გიორგიმ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ მას წიხლი ნამდვილად არ ეკუთვნის ივანიშვილის ღალატზე დაფუძნებული დიქტატურის მსახურებისგან, რომელთაც უთავმოყვარეობა აიყვანეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში“, – წერს სააკაშვილი.