მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 22:28
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმე – ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

Prime Time 25 ივლისი, 2026 · 21:18 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებულ ნიკო ხურცილავას ოვაციებით შეხვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმისთვის ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორის თქმით, მოსამართლემ შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ბრალდებული ნასამართლევი არ არის, საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და ჩადენილი აღიარა. სწორედ ამიტომ, ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკო ხურცილავას მხარდასაჭერად, დღეს დილიდან მისი მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ბრალდებულის ქმედება Youtube-პოდკასტში ონისე ოქრიაშვილის ხუმრობამ გამოიწვია, რომლითაც მან ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყენა. ხურცილავას მეგობრები ამბობენ, რომ მათთვის, ძალადობასთან ერთად, მიუღებელია ისეთი იუმორიც, რომელიც სხვა ადამიანების ღირსებას აკნინებს.

ნიკო ხურცილავას მხარდაჭერა ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრებმაც გამოუცხადეს. საქალაქო სასამართლოში დღეს მწერლის შვილიშვილი მივიდა. ნოდარ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ხურცილავას ქმედება მისთვის არა ძალადობა, არამედ ღირსების დაცვა იყო.

ძალადობის ფაქტი თბილისში 22 ივლისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რის შემდეგაც თავად გამოცხადდა პოლიციაში. საქმეზე გამოძიება გრძელდება.