მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026 | 02:26
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„როგორ გაიწელა ჩემი ცხოვრება, როცა შენ აღარ ხარ… ვერ დაგიცავი იმ ბოროტი ადამიანისგან“ – აფხაზეთში მოკლული ნათია ბახტაძის დედის ემოციური პოსტი

Prime Time 29 ივლისი, 2026 · 00:39 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

აფხაზეთში მოკლული ნათია ბახტაძის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ერთადერთ შვილს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის დედა იამზე აგუმავა.

„ჩემო ნათი!
დღეს სამი წელი გავიდა იმ დღიდან, რაც გაიძულეს, გაფურჩქვნის ასაკში დაგეტოვებინა ქვეყანა და მე უსაზღვრო ტკივილითა და მწუხარებით დამეტოვებინე… დრო ჩემს ტკივილს ვერ კურნავს. ღმერთო, როგორ გაიწელა ჩემი ცხოვრება, როცა შენ აღარ ხარ, დედა… აუტანლად მიჭირს. სულ უფრო ხშირად მენატრები და ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. შენი უსაზღვრო სიყვარული ყოველთვის მაძლიერებდა და ამავე დროს მტკენდა გულს, ჩემო მზრუნველო გოგონავ. საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რომ ვერ დაგიცავი იმ ბოროტი ადამიანისგან.
არ მინდა ამ სასტიკ სამყაროში ცხოვრება, სადაც სამართლიანობა არ არსებობს. ჩემი უკანასკნელი იმედი მხოლოდ ღვთის სამსჯავროა.

ღირსეულად ვატარებ ჩემს ჯვარს, ბოლომდე გავივლი მიწიერ გზას და მჯერა, რომ უფალი კვლავ შეგვახვედრებს.
მარადიული ნათელი არ მოგკლებოდეს, ჩემო უდანაშაულო ნათი“,-წერს დედა.

შეგახსენებთ, 28 წლის გალის მკვიდრი ნათია ბახტაძე, 2023 წლის 28 ივლისს მოკლეს. მის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ აინარ წვიჟბას დე ფაქტო სასამართლომ 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.