დღევანდელი საუბარი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ოდესმე მქონია აშშ-ის პრეზიდენტთან – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი, რაც კი ოდესმე მქონია შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ირანის საკითხსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მჭიდრო კოორდინაციას.
„ეს იყო საუბარი სრული პარტნიორობით და ურთიერთმხარდაჭერით, საერთო მიზნის გაცნობიერებით, უზრუნველვყოთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ასევე განვიხილეთ სხვა მიზნებიც. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი, რაც კი ოდესმე მქონია შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. ეს იყო შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა იდეები და შეგვეთანხმებინა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და მომავლისთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერის შეხვედრა დილის 11:03 საათზე დაიწყო. თეთრი სახლი ნეთანიაჰუმ 12:25 საათზე დატოვა. შეხვედრა, რომელსაც ორივე ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, დახურული იყო და მასზე ჟურნალისტები არ დაუშვეს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა მოლაპარაკებებს „პოზიტიური და პროდუქტიული“ უწოდა. ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა კი განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა აშშ-ისა და ისრაელს შორის თანამშრომლობა და „ახლო აღმოსავლეთში არსებული სხვადასხვა შესაძლებლობა“ განიხილეს.