სექსუალური ძალადობა 11 წლის გოგოზე და შემზარავი მკვლელობა – გამოძიების დეტალები, რის გამოც, ცნობილ რეპერს სიკვდილით დასჯა ემუქრება

ამერიკელი მომღერლისა და რეპერის, d4vd-ის, რომლის ნამდვილი სახელია დევიდ ენტონი ბურკი, წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურა მძიმე ბრალდებებს აყენებს. გამოძიების მიხედვით, მუსიკოსს 14 წლის სელესტა რივას ერნანდესის მკვლელობაში, არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობასა და ცხედრის შეურაცხყოფაში ედება ბრალი.
საქმე 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც სელესტა რივას ერნანდესი გაუჩინარდა. მისი ცხედარი კი რამდენიმე თვის შემდეგ, ლოს-ანჯელესში, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი Tesla-ს ავტომობილის საბარგულში აღმოაჩინეს. ავტომობილი d4vd-ს ეკუთვნოდა.
გამოძიების მიხედვით, გოგონას გარდაცვალების სავარაუდო დრო 2025 წლის 23 აპრილია. ცხედარი კი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს. პოლიციამ ავტომობილის მიმართ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის ჰოლივუდის მთებში მიტოვებული და გაჩერების წესების დარღვევით დატოვებული აღმოაჩინეს. ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის შემდეგ თანამშრომლებმა მანქანიდან მძაფრი სუნი იგრძნეს და პოლიციას შეატყობინეს.
სელესტას იდენტიფიცირება რთული აღმოჩნდა. მისი ცხედარი მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა გამომძიებლებმა გოგონას ამოცნობა რამდენიმე მახასიათებლის, მათ შორის ტატუების, საფუძველზე შეძლეს.
საქმის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი დეტალი სელესტასა და მუსიკოსის ურთიერთობას უკავშირდება. პროკურატურის მტკიცებით, დევიდ ბურკი გოგონას მაშინ შეხვდა, როდესაც ის მხოლოდ 11 წლის იყო. მოგვიანებით, როდესაც სელესტა 13 წლის გახდა, მათ შორის სექსუალური ურთიერთობა დაიწყო. იმ პერიოდში ბურკი 18 წლის იყო.
გამოძიების თანახმად, სელესტა მუსიკოსს ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ გაეცნო. ამის შემდეგ გოგონა მასთან დაახლოებული გახდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლოა მუსიკოსის გასტროლებშიც მონაწილეობდა.
სელესტას ოჯახი ამ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდა. გოგონას დედის განცხადებით, ის ცდილობდა ქალიშვილისა და უფროსი მამაკაცის კონტაქტის შეზღუდვას, თუმცა გოგონა სახლიდან გაქცევით იმუქრებოდა და საბოლოოდ მართლაც გაუჩინარდა.
პროკურატურის ვერსიით, სელესტას მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი. გამოძიება ვარაუდობს, რომ გოგონა მუსიკოსს მათი ურთიერთობის გამჟღავნებით ემუქრებოდა, რასაც, ბრალდების მხარის თანახმად, შესაძლოა ბურკის კარიერისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა.
სასამართლოში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, პროკურატურა ამტკიცებს, რომ სელესტა მუსიკოსის საცხოვრებელში სასიკვდილოდ დაჭრეს. ბრალდების მხარის ვერსიით, ბურკმა გოგონას დახმარება არ აღმოუჩინა და მოგვიანებით მისი ცხედრის დამალვა სცადა.
გამომძიებლების განცხადებით, სელესტას გაუჩინარების შემდეგ ბურკმა სხვადასხვა ნივთი შეიძინა, რომლებიც, მათი ვარაუდით, შესაძლოა ცხედრის დამალვასა და კვალის დაფარვას უკავშირდებოდეს. საქმის მასალებში საუბარია სპეციალურ ჩანთებზე, ხელსაწყოებსა და სხვა ნივთებზე.
გამოძიების ყურადღების ცენტრშია ასევე ციფრული მტკიცებულებები და სატელეფონო მიმოწერა. პროკურატურის მტკიცებით, საქმეში არსებული შეტყობინებები სელესტასა და ბურკის ურთიერთობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
საქმეში კიდევ ერთი მძიმე გარემოება გამოიკვეთა. გამოძიება იკვლევს არასრულწლოვანთან სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტებს. ბურკს ამ ნაწილშიც აქვს წაყენებული ბრალი.
დევიდ ენტონი ბურკი ბრალს არ აღიარებს. მისი დაცვის მხარე აცხადებს, რომ მუსიკოსს სელესტას სიკვდილთან კავშირი არ აქვს და სასამართლოში ბრალდების ვერსიის გასაჩივრებას აპირებს.
საქმის განხილვისას პროკურატურამ სასამართლოს მრავალი მტკიცებულება წარუდგინა, მათ შორის ციფრული მასალები, სატელეფონო კომუნიკაცია და ნივთები, რომლებიც, გამოძიების შეფასებით, შესაძლოა მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვას უკავშირდებოდეს.
სასამართლო პროცესი გრძელდება. დევიდ ენტონი ბურკის საბოლოო დამნაშავედ ცნობა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.
თუ მისი დანაშაული დამტკიცდა, მას განსაკუთრებით მძიმე სასჯელი ემუქრება, მათ შორის ხანგრძლივი ან უვადო პატიმრობა. პროკურატურა ასევე განიხილავს სიკვდილით დასჯის მოთხოვნის შესაძლებლობას.
სელესტა რივას ერნანდესის ოჯახის წევრები ამ დრომდე სამართლიანობის აღსრულებას ელოდებიან. საქმის სასამართლო განხილვა კი შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სისხლის სამართლის პროცესად იქცეს, რომელიც ბოლო წლებში ამერიკის მუსიკალურ ინდუსტრიას უკავშირდება.