მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026 | 01:16
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ქურდული გარჩევებისთვის დაკავებული 27 პირი – როგორ მუშაობდა კრიმინალური სქემა

Prime Time 28 ივლისი, 2026 · 23:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

სპეცოპერაცია „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ – საფიჩხიელი „ხოშტიკა“ აღებული თანხის რაოდენობით იყო უკმაყოფილო. ფინანსური დავის მოგვარების სანაცვლოდ მას საკმარისი ფული არ მისცეს.

კონკრეტული სატელეფონო საუბრიდან მალევე მურად ხოშტარია დააკავეს. ირკვევა, რომ ის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კვალზე სამართალდამცველები მას შემდეგ გავიდნენ, რაც კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარეს და ქურდული გარჩევების არაერთი ფაქტი გამოავლინეს. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის ბოლო 24 საათში 27 პირი დააკავეს. მათ ასაყვანად სპეცოპერაციები ერთდროულად სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა. საპოლიციო ღონისძიების დეტალები დღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გაასაჯაროვა.

დადგენილია ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელიც. ის ე.წ. კანონიერი ქურდი მამუკა ჩხაბერიძეა. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მასთან შეთანხმებით მოქმედებდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები.

ვისგან, რა რაოდენობის თანხა უნდა აეღოთ და როგორ მოეგვარებინათ სადავო საკითხები – ირკვევა, რომ სწორედ მამუკა ჩხაბერიძე აძლევდა ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საზღვარგარეთიდან მითითებებს. „კურიერმა“ გაარკვია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის ნდობით აღჭურვილი პირი მისი ნათესავია. მეტსახელად „ჯიბო“ საქართველოდან მასთან ტელეფონით პირდაპირ კავშირზე იყო, ფინანსურ დავებს აგვარებდა და მისი სახელით საკუთარი გავლენების გაძლიერებას ცდილობდა.

პოლიციის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დავაში მყოფ პირებს წინასწარ არჩევდნენ. შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებით აშინებდნენ და ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები ადვოკატებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში უკვე მოინახულეს.

დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ 27 პირს დღის ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. დღეს ასევე ბრალი წარედგინა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ორ პირს და დაუსწრებლად ოთხ პირს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს, მამუკა ჩხაბერიძეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის პასუხისგებაში 343 პირი მიეცა, მათგან 8 ე.წ. კანონიერი ქურდია.