ინფანტინო დანებებას არ აპირებს – ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო საკუთარი პოზიციის შესანარჩუნებლად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ინფანტინო უახლოეს პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრას გეგმავს. მხარეები იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ფეხბურთი ამერიკის “რბილი ძალის” მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცეს საერთაშორისო ასპარეზზე.
ბოლო პერიოდში FIFA-მ დააანონსა შვილობილი კომპანიის – FIFA Forward Enterprises – შექმნა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებისა და სხვა ტურნირების კომერციული უფლებების მართვაზე იქნება პასუხისმგებელი. ორგანიზაციის განცხადებით, ახალი სტრუქტურის მიზანი FIFA-ს შემოსავლების გაზრდაა.
თუმცა აღნიშნულ ინიციატივას მწვავე წინააღმდეგობა შეხვდა. პროექტი საჯაროდ გააკრიტიკეს UEFA-მ, ჩრდილოეთ, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ფეხბურთის კონფედერაციამ (CONCACAF), ასევე აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ (AFC), რომლებიც მიიჩნევენ, რომ ცვლილებები მსოფლიო ფეხბურთის მართვის სისტემაზე მნიშვნელოვან, უარყოფით გავლენას მოახდენს.
შეგახსენებთ, ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტის პოსტს 2016 წლის თებერვლიდან იკავებს. მანამდე ის UEFA-ში მუშაობდა და ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებდა.
წყარო: Sportall.ge