მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 | 02:09
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

„საქსტატმა“ ოფიციალური სტატისტიკის წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის ინტენსიური გამოყენება დაიწყო

IPN.ge 20 ივლისი, 2026 · 18:56 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

2026 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტენსიური გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას “საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს „საქსტატის“ ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ეტაპს და მიზნად ისახავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესების სრულყოფას, შიდა სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაზრდასა და მომხმარებლებისთვის თანამედროვე, სწრაფი და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზებას.

„AI-ის შესაძლებლობები ინტეგრირებულია როგორც მომხმარებელზე ორიენტირებულ ციფრულ სერვისებში, ისე მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროცესებში.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა საქსტატის ოფიციალურ ვებგვერდზე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატ-ბოტის ამოქმედება. ახალი სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მარტივ ენაზე დასვან კითხვები ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ და სხვა ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და მყისიერად მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია. სისტემა ავტომატურად ამუშავებს მომხმარებლის მოთხოვნას, ეძებს შესაბამის მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში მათ შესაბამის სტატისტიკურ პუბლიკაციებსა და მონაცემთა ბაზებზე გადაამისამართებს.

ხელოვნური ინტელექტი აქტიურად გამოიყენება ასევე საქსტატის შიდა საქმიანობის პროცესების გაუმჯობესებისთვის. AI-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის განახლება და სრულყოფა, ადმინისტრაციული მონაცემების კლასიფიკაციისა და დამუშავების მხარდაჭერა, მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და სხვადასხვა სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სამუშაოების შესრულების სისწრაფესა და ხარისხს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების, პროგრამული კოდის შექმნისა და ოპტიმიზაციის, ალგორითმების შემუშავების, სისტემების ტესტირებისა და ახალი ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესში. თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენება ხელს უწყობს ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციას, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებასა და განვითარების ციკლის დაჩქარებას.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული NACE კლასიფიკატორის ახალი საძიებო პორტალი, რომელიც საქსტატმა 2026 წლის ივლისში წარადგინა. პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ეკონომიკური საქმიანობის აღწერა ტექსტის ან ხმოვანი ფუნქციის საშუალებით მიაწოდოს და შესაბამისი NACE Rev.2 კოდი სწრაფად მოძებნოს. სერვისი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე და განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისთვის, საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის. პორტალი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://nace.geostat.ge/ka,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „საქსტატი“ მომავალშიც გააგრძელებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ეტაპობრივ ინტეგრირებას ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების სხვადასხვა ეტაპზე, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების გათვალისწინებით.

„ხელოვნური ინტელექტი დღეს უკვე წარმოადგენს ოფიციალური სტატისტიკის განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ჩვენი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კიდევ უფრო გავზარდოთ სტატისტიკური პროცესების ეფექტიანობა, გავამარტივოთ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და მომხმარებლებს შევთავაზოთ სწრაფი, ინოვაციური და მაღალი ხარისხის სერვისები. ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება როგორც მონაცემების დამუშავებასა და ანალიზში, ისე მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის სრულყოფასა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაში. ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ, რათა საქსტატი იყოს თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სტატისტიკის სამსახური,“ – განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

„საქსტატის“ ცნობითვე, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სრულად შეესაბამება საქსტატის განვითარების სტრატეგიასა და ოფიციალური სტატისტიკის საერთაშორისო პრაქტიკას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შეუწყობს მონაცემთა ხელმისაწვდომობის ზრდას, სამუშაო პროცესების ავტომატიზაციას, რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებასა და ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.