მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 17:46
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ანდრეი სიბიგა – რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება პრინციპის საკითხია – სანამ მოსკოვი უარს ამბობს მშვიდობაზე, მას მოუწევს ამ ომის გახანგრძლივების ფასის გადახადა

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 17:19 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

პუტინი აგრძელებს ომის გაჭიანურებას, იმის ნაცვლად, რომ მიიღოს უკრაინის რეალური წინადადებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეწყვიტოს სისხლისღვრა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხარკოვის ოლქის სოფელ პეჩენიჰიზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა ათი საცხოვრებელი სახლი, კაფე, ფოსტა და მაღაზია.

„სანამ მოსკოვი უარს ამბობს მშვიდობაზე, მას მოუწევს ამ ომის გახანგრძლივების ფასის გადახადა დამატებითი სანქციების, იზოლაციის და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის მკაცრი პასუხისმგებლობის დაწესების გზით. ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოვუწოდებთ ამ ტერორის დასრულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფისკენ“, – აცხადებს სიბიგა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეუერთდნენ უკრაინის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალურ ტრიბუნალს, რომელიც მალე დაიწყებს ფუნქციონირებას ჰააგაში.

„რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება პრინციპის საკითხია – არა მხოლოდ თავდასხმების მსხვერპლთათვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, – აცხადებს სიბიგა.