ვოლოდიმირ ზელენსკი – პეჩენეგზე რუსეთის დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ

პეჩენეგზე რუსეთის დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბა პეჩენეგზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.
„დღეს დილით რუსებმა ხარკოვის ოლქის დაბა პეჩენეგში ხალხმრავალ გზაჯვარედინზე სასტიკი დარტყმა განახორციელეს, რომლის ირგვლივ ფოსტა, მაღაზიები და საცხოვრებელი შენობებია. ამ ტრაგედიის ყველა გარემოება დგინდება. რუსების ამ დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ. ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც მხარი დაუჭირონ ჩვენს სამართლიან კინეტიკურ პასუხებს და რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.