მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 15:08
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

„აქსიოსი“: აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში საიდუმლო მარშრუტი შექმნა, რომლითაც მილიონობით ბარელი ნავთობი გადააქვთ

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 12:32 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში საიდუმლოდ შექმნეს საზღვაო დერეფანი, რომლის გავლითაც ყოველდღიურად მილიონობით ბარელი ნავთობი გადააქვთ, – ამის შესახებ „აქსიოსი“ ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დერეფანი უკვე რამდენიმე კვირაა, ფუნქციონირებს და მისი წყალობით, ყოველ ღამე 15-20 ტანკერი გადის სრუტეში სამხრეთის მარშრუტით, ომანის სანაპიროს გასწვრივ.

დერეფნის გავლით ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონი ბარელი ნავთობი გადააქვთ. ეს სპარსეთის ყურეში ომის დაწყებამდე არსებულ მოცულობის დაახლოებით ნახევარია. „აქსიოსის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სრუტეში გამავალი ნავთობის მოცულობა ჯერ კიდევ ომამდელ მაჩვენებელზე დაბალია, წყაროების თქმით, ეს მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

„ჩვენ ორი თვეა, ჰორმუზის სრუტის სამხრეთ ნაწილს ვაკონტროლებთ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა შესაძლოა ხელი შეგვიშალოს, მაგრამ ისინი სრუტეს ვერ აკონტროლებენ“, – განაცხადა „აქსიოსის“ ერთ-ერთმა წყარომ.

გამოცემის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში ოპერაციას ჩრდილოეთ კაროლინაში დისლოცირებული ოპერატიული ჯგუფი აკონტროლებს. ის სპარსეთის ყურეში აშშ-ის რეგიონულ პარტნიორებთან კოორდინაციას ახდენს. სტატიის მიხედვით, ყოველდღიურად ადგენენ იმ გემების სიას, რომლებიც სპარსეთის ყურეს ჰორმუზის სრუტის გავლით ტოვებენ, ასევე ცარიელი ტანკერების სია, რომლებიც არაბეთის ზღვიდან სრუტის გავლით სპარსეთის ყურის ქვეყნების პორტებისკენ მიემართებიან ნავთობის ჩასატვირთად. გემები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთ კოლონად გადაადგილდებიან და მათ ამერიკული ავიაცია იცავს.