გიგი წერეთელი პრემიერის წერილზე – მგონია, რომ ვიღაცას არ მოეწონა დამოკიდებულებები თელავში მომხდარ ფაქტზე, აქედანაც წავიდა გზავნილი – ჩვენ აქ ვართ, ვალაგებთ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, მიუხედავად წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა, საქართველოს დასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსი არასდროს შეცვლილა, მაშინ როდესაც, მისი შეფასებით, დღეს ქვეყნის გეოპოლიტიკური მიმართულების ცვლილებაზე საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს.
გიგი წერეთელი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი შინაარსი რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებს ჰგავს.
„როდისმე ასცდა წინა ხელისუფლება დასავლურ კურსს? წინა ხელისუფლება, რომელმაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მთავარ ხაზს ასცდა? დღეს რა გვაქვს ჩვენ: რატომ გვაქვს ამდენხნიანი პროტესტი? რატომ არიან ადამიანები საპატიმროში? მუდმივად რატომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გეოპოლიტიკური კურსის ცვლილება არის? როდის უპირისპირდებოდა საქართველო დასავლეთს? – არასდროს. დღეს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, საქართველო მიჰყავთ რუსეთში, ამიტომ არის ასეთი გამძაფრებული ამბავი“,- განაცხადა წერეთელმა.
მისი განმარტებით, 2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების პოლიტიკა რუსი მოქალაქეების მიმართ არ ნიშნავდა რუსოფილიას, არამედ ეფუძნებოდა იმედს, რომ დიპლომატიური გზით შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.
თუმცა, მისი შეფასებით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთთან საუბრის რესურსი პრაქტიკულად არ არსებობს.
„ხანდახან ვფიქრობ რამდენად სერიოზულად შეიძლება აღიქვა ეს ყველაფერი. არ მინდა ცინიკური ვიყო და ვთქვა, რომ ეს ბოდვა და სისულელეა. თუმცა, ასეთი ტექსტები ნამდვილად იმსახურებს მსგავს შეფასებას. სამწუხაროდ, ამას გადაწყვეტილების მიმღები ხალხი წერს და ამბობს. ეს არის ამ ვითარების ტრაგიკულობა. ვფიქრობ, რომ მინიმუმ კორექტურა გავლილი აქვს კრემლთან აფილირებულ ინსტიტუტში ან ჯგუფში. როგორც დაგელაპარაკებოდნენ რუსი პროპაგანდისტები და ის ხალხი, ვინც ქარგავს მთელ ამ ისტორიებს, ამას იტყოდნენ.
მგონია, რომ ვიღაცას არ მოეწონა დამოკიდებულებები თელავში მომხდარ ფაქტზე. აქედანაც წავიდა გზავნილი – ჩვენ აქ ვართ, ვალაგებთ. ტურისტები ყველა გასართობად კი არ არის ჩამოსული. დღეს, რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეიძლება დავალება ჰქონდეს ასეთი პროვოკაციების. შემდეგ ეს მოქმედება გახდეს ისეთი უკმაყოფილებს საბაბი, რასაც სომხეთში აკეთებენ. როგორც კი სომხეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა, ხან ატამი გააჩერეს, ხან კონიაკი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მისი თქმით, 2008 წელს საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და ხელისუფლება განასხვავებდა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას რუსი ხალხისგან, რის გამოც მშვიდობიანი ტურისტებისა და კანონიერი ბიზნესსაქმიანობის მიმართ შეზღუდვები არ მოქმედებდა.
„მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა. საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების დანახება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლა – ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა.
დღევანდელმა ხელისუფლებამ საერთოდ დაკარგა 12 აგვისტოს შეთანხმება. რუსეთმა მოაწერა შეთანხმებას ხელი, მას პუნქტები უნდა დაეცვა. ამაზე საერთაშორისო ზეწოლაც იყო, ჩვენც მუდმივად ვახსენებდით ამას. ეს პოლიტიკაც იყო ხელის შემწყობი იმისათვის, რომ იქნებ ეს პუნქტები შესრულებულიყო – დეოკუპაციის ნიშნები დაწყებულიყო, დევნილების დაბრუნება, [ჯარის] გაყვანა, ამიტომ თუ ამას რუსოფილიაში ჩათვლის ვინმე, ეს ასე არ იყო.
უკრაინაში ომმა ყველა დაარწმუნა, რომ რუსეთთან ლაპარაკის რესურსი არ არსებობს. მცდელობა იყო, რომ 2008 წლის შემდეგ შემობრუნებულიყო პროცესი – რუსეთი დიპლომატიური გზით წამოსულიყო თავისი ვალდებულებების შესრულებაზე და ამის გამო იყო ასეთი პოლიტიკა“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.