მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 15:09
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

დავით მათიკაშვილი: აგენტურას საქართველოს გაერთიანება მშვიდობიანად ნამდვილად არ სურს, ისევ ის სააკაშვილია, უბრალოდ საკუთარი სამშობლოსადმი იმდენი ავის გაკეთება აღარ შეუძლია, რაც მანამდე შეეძლო

Prime Time 20 აგვისტო, 2026 · 13:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ეს არის რეალურად ნიანგის ცრემლები, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის სააკაშვილის დამოკიდებულება საქართველოსადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი. სწორედ მისმა მოღალატეობრივმა ნაბიჯებმა გამოიწვია, რომ 2008 წლის ომის შემდგომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, აგენტურულმა, მოღალატეობრივმა ძალებმა საზოგადოების დასანახად როგორი განსხვავებული პოზიციებიც არ უნდა დაიკავონ, ამით არაფერი იცვლება.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით „ნაცმოძრაობის“ მოღალატეობრივი სახე, სააკაშვილის სახით იქნება კონკრეტულად საზოგადოებისთვის წარმოდგენილი, გვარამიას სახით, თუ რა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს გააკეთებენ, ჩვენთვის ნათელია – აგენტურას საქართველოს გაერთიანება მშვიდობიანად, მშვიდობის პირობებში ჩვენი ქვეყნის ერთობა ნამდვილად არ სურს.

სააკაშვილი თუ ძალადობაზე აკეთებს ხაზგასმას და ძალადობისკენ საკუთარ პრიორიტეტს ამჟღავნებს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. სააკაშვილის ძალადობრივმა, სრულიად დაუსაბუთებელმა, არაარგუმენტირებულმა ქმედებებმა გამოიწვია ის პრობლემატიკა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გვაქვს, ის მოღალატეობრივი ომი, რაც მოხდა საქართველოში, სწორედ ძალადობრივი მეთოდებისადმი ამ მიმხრობამ გამოიწვია“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არ შეცვლილა, უბრალოდ „საკუთარი სამშობლოსადმი იმდენი ავის გაკეთება აღარ შეუძლია“.

„როგორ ვიფიქროთ, რომ ამდენი დანაშაულის, ამდენი ქმედების შემდეგ, სააკაშვილმა რაიმე ფორმით ჭკუა ისწავლა და უკეთეს, რეალურ განცხადებებს გააკეთებს. ისევ იმ პლატფორმაზე დგას, რამაც ათქმევინა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ გაოგნებული იყო სისტემური დანაშაულით, რომელიც სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო საქართველოში. ისევ ის სააკაშვილია, უბრალოდ, მისი სტატუსიდან გამომდინარე, საკუთარი სამშობლოსადმი იმდენი ავის გაკეთება აღარ შეუძლია, რაც მანამდე შეეძლო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.