“დიდია ყველას გულისტკივილი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, იგი მრავალი წლის განმავლობაში სიყვარულითა და რუდუნებით ქმნიდა ილია II-ის ფოტომატიანეს” – შიო III-ის სამძიმრის წერილი

საპატრიარქო ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“დიდია ყველას გულისტკივილი გამორჩეული ფოტოხელოვანისა და ღირსეული პიროვნების, ბატონი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.
- სამშობლოსა და საქმისადმი სიყვარული გამოსჭვივის მის ყველა ფოტოში, რომელთაც მან თითქოს სული შთაბერა და ჩვენი ქვეყნის უნიკალურ მატიანედ აქცია. თითოეული კადრით მან თაობებს შემოუნახა მთელი ეპოქა – საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები და ადამიანები, ეთნოგრაფიული ყოფა, ბუნება, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა.
აღსანიშნავია მისი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მრავალი წლის განმავლობაში იგი სიყვარულითა და რუდუნებით ქმნიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ფოტომატიანეს. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი.
მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი ბადრის გარდაცვალების გამო. ღმერთმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა, ნუგეში და ძალა მისთვის ლოცვისა”, – წერია სამძიმრის წერილში.
- ცნობისთვის, ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას საბურთალოს სასაფლაოზე, 18 აგვისტოს დაკრძალავენ.
ბადრი ვადაჭკორია 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად. 1998-2002 წლებში იყო საქტელერადიოკორპორაციისა და “ახალი ქართული გაზეთის” საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 1994-1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში(თურქეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი). არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი, 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. ბადრი ვადაჭკორიას პერსონალური გამოფენები მოეწყო მსოფლიოს მრავალ ქალაქში: პარიზში, რომში, ხარკოვში, ვარშავაში, სეულში, ასტანაში, მეხიკოში, ათენში და სხვ.