დონალდ ტრამპი – ირანმა ამერიკის მოქალაქეს, რომელიც 2024 წელს მძინარე ჯო ბაიდენის „პრეზიდენტობისას“ დააკავეს, ქვეყნის დატოვების უფლება მისცა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა 2024 წელს დაკავებული აშშ-ის მოქალაქე გაათავისუფლა.
„ირანმა ამერიკის მოქალაქეს, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს, მძინარე ჯო ბაიდენის „პრეზიდენტობისას“, ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. ის ირანის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოდ იმყოფება და კარგ მდგომარეობაშია“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მისი თქმით, აშშ ირანის მხრიდან კეთილი ნების ჟესტს აფასებს.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოქალაქის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა ადვოკატის ცნობით, ირანმა 53 წლის ამერიკელი ქალი, დენა კარარი გაათავისუფლა.
ადვოკატის, ჯარედ გენსერის განცხადებით, დენა კარარი ირანში ჯაშუშობისთვის „ყალბი ბრალდებების“ საფუძველზე იყო დაკავებული.
NBC News-ის ინფორმაციით, ამჟამად ირანში ხუთი აშშ-ის მოქალაქეა დაკავებული.