მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 12:51
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ

IPN.ge 25 აგვისტო, 2026 · 10:40 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ, რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმები შეწყვიტონ და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნეგრეამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იმეორებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისა და კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების შესახებ.

„მოვუწოდებთ ორივე მხარეს, შეწყვიტონ ნებისმიერი თავდასხმა, რომელიც აზიანებს ან საფრთხეს უქმნის სამოქალაქო გემებს. უაზრობაა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლის დაღვრა, როდესაც ამ ომის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, – აღნიშნა ნეგრეამ.

მან რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ და ხაზი გაუსვა, რომ შეასრულებენ კონსტრუქციულ როლს, რათა ხელი შეუწყონ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებს ამ შედეგის მისაღწევად.

ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა რომ შეერთებული შტატები უკრაინის მომავლის, როგორც სუვერენული და აყვავებული სახელმწიფოს, მიმართ ერთგული რჩება.