მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 00:49
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყება – “რუსკი მირმა” მოიტანა სიკვდილი, განადგურება, უკანონობა და სიღარიბე ქართულ მიწაზე, როგორც ყველგან, სადაც დამკვიდრება მოახერხა – ევროპაში მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დეოკუპაციით

IPN.ge 7 აგვისტო, 2026 · 23:44 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

“რუსკი მირმა” მოიტანა სიკვდილი, განადგურება, უკანონობა, და სიღარიბე ქართულ მიწაზე – ისევე როგორც ყველგან სხვაგან მსოფლიოში, სადაც დამკვიდრება მოახერხა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ევროპაში მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დეოკუპაციისა და საერთაშორისო სამართლის ძალის აღდგენის პირობით.

“18 წლის წინ, რუსი ჯარისკაცები საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რითაც სასტიკად დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ნორმები და გაეროს ქარტიის დებულებები.

2008 წლის შეიარაღებული აგრესია, ასობით გარდაცვლილი და ასობით ათასი დევნილი, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის განუყოფელი რეგიონების ოკუპაცია, ე.წ. “ბორდერიზაცია”, იძულებითი პასპორტიზაცია და მკვიდრი მოსახლეობის გადასახლება – ეს ყველაფერი მოსკოვის ერთიანი იმპერიალისტური პოლიტიკის კომპონენტებია, რომლის მიზანია სხვა ქვეყნებისა და ხალხების დაპყრობა და განადგურება.

“რუსკი მირმა” მოიტანა სიკვდილი, განადგურება, უკანონობა, და სიღარიბე ქართულ მიწაზე – ისევე როგორც ყველგან სხვაგან მსოფლიოში, სადაც დამკვიდრება მოახერხა. საქართველოს რეგიონები, რომლებსაც ოდესღაც წარმატებული განვითარების პერსპექტივა ჰქონდათ, რუსი აგრესორისა და მისი მოკავშირეების მიერ დეპრესიულ ზონად გადაიქცნენ, სადაც ადამიანის უფლებების უხეში იგნორირება ხდება.

2008 წლის აგვისტოზე გარდამტეხი მომენტი იყო თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი, კონსოლიდირებული, და ძლიერი რეაგირების არარსებობამ რუსი მპყრობლის მადა მხოლოდ გააძლიერა და გზა გაუკაფა 2014 წელს უკრაინული ყირიმისა და დონბასის ოკუპაციას, და მოგვიანებით, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას.

კრემლსა და მის მარიონეტ რეჟიმს შორის ე.წ. “სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება”, რომელსაც 2026 წლის 9 მაისს ცხინვალში მოეწერა ხელი, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის თანმიმდევრული, მცოცავი შთანთქმისა და ანექსიის ნათელი დასტური იყო.

უკრაინა თანმიმდევრულად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. არასდროს არ ვაღიარებთ ქართული მიწის ოკუპაციას და ამ პოლიტიკას გავყვებით სანამ რუსი ოკუპანტი არ წავა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აღნიშნავს: რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედროები უნდა გაიყვანოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რითაც თავის საერთაშორისო ვალდებულებებს შეასრულებს. ომის დროს ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს და ომის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვთ, და რუსი დამნაშავეები უნდა დადგნენ ეროვნული და საერთაშორისო სამართლის წინაშე. ევროპაში მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის დეოკუპაციისა და საერთაშორისო სამართლის ძალის აღდგენის პირობით.

საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, გაზარდოს რუსეთზე ზეწოლა, როგორც აგრესორ სახელმწიფოზე, გააფართოონ სასანქციო შეზღუდვები, და ძალისხმევები გააერთიანონ, რათა პასუხი აგებინონ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აგრესიის დანაშაულისთვის, და პასუხი აგებინონ რუს დამნაშავეებს ყველა შემდგომ სისასტიკეზე”, – ნათქვამია განცხადებაში.