ლევან მაჭავარიანი – „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, ისედაც, ასეთი ტიპის აგენტურული პარტიისთვის ახალი წევრების დამატება ძალიან რთულია – ხმაური და ალიანსში სპექტაკლები კი გარედან იყო დაკვეთილი, რომ ყურადღება მიეპყროთ

ჩვენ რა „მესიჯებიც“ გვესმის „ნაციონალური მოძრაობის“ „ლიდერშიფის“ მხრიდან, არანაირ სიახლეზე არ არის საუბარი, ერთი და იგივე წრეზე ტრიალებენ – ისედაც ძალიან რთულია ასეთი ტიპის აგენტურული პარტიისთვის ახალი წევრების დამატება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ოპოზიციურ ალიანსში“ მიმდინარე დაპირისპირება და ხმაური გარედან იყო დაკვეთილი.
„ჩვენ რა „მესიჯებიც“ გვესმის ამ პარტიის „ლიდერშიფის“ მხრიდან, არანაირ სიახლეზე არ არის საუბარი. ერთი და იგივე წრეზე ტრიალებენ. ძალიან რთულია ისედაც ასეთი ტიპის აგენტურული პარტიისთვის ახალი წევრების დამატება. ისეთ წევრებს ვგულისხმობ, ვისაც კონკრეტული რეპუტაცია აქვთ ჩვენს ქვეყანაში, რაღაცას წარმოადგენენ, ვინაიდან ასეთ პიროვნებებს, რა თქმა უნდა, არ სურთ, რომ აფილირებულები იყვნენ აგენტურულ ძალებთან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხმაურს და ალიანსში სპექტაკლების გათამაშებას – ეს ხმაური იყო გარედან დაკვეთილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საზოგადოების ყურადღება ხმაურს მიეპყრო და შესაბამისად, ამ გარე ძალებს „ლელო“ და გახარია ამ აგენტურული „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ გაემიჯნათ ჩვენი საზოგადოების თვალში. ეს გამიჯვნის პროცესი გარე პატრონებმა 2025 წლის არჩევნების დროს დაიწყეს, როდესაც ყველა ბოიკოტში დატოვეს და მხოლოდ „ლელოს“ და გახარიას მიაღებინეს მონაწილეობა. ამას ისინი იმიტომ აკეთებენ, რომ 14 წელი ერთი და იგივე კონფიგურაციაზე დებდნენ ფსონს და ამ ფსონმა ვერ გაამართლა. შესაბამისად, უნდათ, რომ 2028 წელს უფრო მეტი ფსონი დაიდოს „ლელოს“ და გახარიას პარტიაზე.
ისევე როგორც ვერ „შეასაღეს“ჩვენს საზოგადოებას, მაგალითად, „ახალი“ როგორც „არანაცები“, ისე ვერ „შეასაღებენ“ ვერც „ლელოს“ და ვერც გახარიას პარტიას, როგორც თითქოს, დამოუკიდებლად დღის წესრიგი ჩამომყალიბებელი პარტია. ამაზე ყველაზე ნათლად მეტყველებს ის, რომ მაგალითად, გახარიას პარტიას 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს, ამომრჩევლების რაოდენობა გაუმესამედდა, ხოლო „ლელოს“ გაუნახევრდა. შესაბამისად, ეს იმაზე მეტყველებს, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მოტყუება ძალიან რთულია,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.