ავარიის შემდეგ ქვეითი მიატოვა და გაიქცა… – პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაცდელში მიტოვებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და შეეჯახა ქვეითს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეჯახებისას მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) და 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.