შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან

‘შავი ლომი’ 2026/27 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩამდე, ინგლისში პრემიერშიფის ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონ სეინტს’ ეწვევა და მასთან 18 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ჩვენი გუნდი ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ტურნირში, ჩელენჯ თასზე, მეოთხედ ითამაშებს. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად პირველი თამაში დეკემბრის ნაცვლად ოქტობერში გაიმართება და ‘შავი ლომი’ უელსურ ‘ოსფრიზს’ დაუხვდება.
ოფიციალურ მატჩამდე პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდებს რამდენიმე გასახურებელი შეხვედრა ექნებათ. უკვე ცნობილია, რომ 12 სექტემბერს თბილისს იტალიური საკლუბო რაგბის ფლაგმანი, ‘ბენეტონი’ ეწვევა, რომელთანაც ამხანაგური შეხვედრა შარშან სექტემბერში, სტუმრად გვქონდა. ‘ბენეტონთან’ მომავალი მატჩი „ავჭალაზე“ 20 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც ‘შავი ლომი’ ინგლისში გაემგზავრება და ძალებს ინგლისის მოქმედ ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონთან’ მოსინჯავს.
თავის მხრივ, ოფიციალური სეზონის გახსნამდე, ‘ნორთჰემპტონისთვის’ ეს ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. „წმინდანები“ ტიტულის დაცვას 25 სექტემბერს იწყებენ და პრემიერშიფის პირველ ტურში ‘ნიუკასლს’ მასპინძლობენ.
აღსანიშნავია, რომ ‘შავ ლომს’ ‘ნორთჰემპტონის’ წინააღმდეგ აქამდე არასდროს უთამაშია. „წმინდანები“ საშინაო შეხვედრებს „ფრანკლინს გარდენზე“ მართავენ, რომელიც 15 249 მაყურებელს იტევს.
მეტოქე
‘ნორთჰემპტონ სეინტსი’ ინგლისის ერთ-ერთი უძველესი სარაგბო კლუბია. ის ქალაქ ნორთჰემპტონში 146 წლის წინ, 1880 წელს ადგილობრივმა სასულიერო პირმა, წმინდა ჯეიმსის ეკლესიის მღვდელმა დააარსა. თავდაპირველად, მის მთავარ მიზანს ქალაქის პრობლემური ბიჭების სწორ გზაზე დაყენება წარმოადგენდა.
მე-19 საუკუნის მიწურულს, ‘ნორთჰემპტონს’ ინგლისის მასშტაბით ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გუნდი ჰყავდა, გულშემატკივართა რაოდენობა კი 10 ათასს აღწევდა. 1896/97 წლების სეზონში, მათ 22 თამაშიდან 17 ისე მოიგეს, რომ ქულაც არ გაუშვეს.
პროფესიონალურ ეპოქაში ‘ნორთჰემპტონი’ ინგლისის საკლუბო რაგბის ერთ-ერთ მთავარ ძალად იქცა. მან ქვეყნის ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა – 2014, 2024 და 2026 წლებში, ორჯერ კი მეორე ადგილი დაიკავა (1999 და 2013); 2000 წელს დაეუფლა ჩემპიონთა თასს და ორჯერ დამარცხდა ფინალში (2011 და 2025); ორჯერ კი ჩელენჯ თასი შემართა – 2009 და 2014 წლებში.
პრემიერშიფის გასულ სეზონში, ‘ნორთჰემპტონმა’ რეგულარული გათამაშების 14 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და სამში დამარცხდა. ნახევარფინალში მან შიდა ასპარეზზე ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ‘ლესთერ თაიგერსი’, ფინალში კი ბაჩუკი ჭუმბაძის ‘ექსეთერი’ დაამარცხა.
ჩემპიონთა თასის გასულ სეზონში „წმინდანები“ მეოთხედფინალში გავიდნენ და იქ ინგლისურ დერბიში ‘ბათთან’ 41:43 დამარცხდნენ.
Rugby.ge
წყარო: Sportall.ge