მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 15:57
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

“როცა საჯარო სივრცეში გამოდიხარ და ქართულ ღვინოს, ეკლესიას, პატრიარქს, შეურაცხყოფას აყენებ, ეს დასჯადი არ უნდა იყოს?!” – გურამ მაჭარაშვილი

Ambebi.ge 3 აგვისტო, 2026 · 13:22 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

განსხვავებული აზრი საქართველოში მეტ-ნაკლებად ყოველთვის დაცული იყო, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ბოლო პერიოდში ულტრალიბერალურად, ზედმეტად იყო დაცული, რაც უნდა გამოსწორდეს – როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა რაღაც ღირებულებას პატივს სცემს და საჯარო სივრცეში გამოდიხარ და ქართულ ღვინოს, ქართულ ეკლესიას, პატრიარქს, შეურაცხყოფას აყენებ, თქვენი აზრით ეს დასჯადი არ უნდა იყოს?! არავის აქვს უფლება, აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციებს შეურაცხყოფა მიაყენოს! – ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ეროვნული ღირებულებების დაცვის მიზნით კანონმდებლობის შესაძლო გამკაცრების თაობაზე დასმულ კითხვას.


  • მაჭარაშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ “ულტრალიბერალური კანონმდებლობა ნელ-ნელა იცვლება“.

“თუ რამემ საქართველო გადაარჩინა ეს არის ეროვნული იდენტობა და მისი დაცვა. ეროვნულ იდენტობაში შედის რწმენა, ოჯახური ტრადიციები და ყველა ის ფასეულობა, რაზეც ზოგადად, საქართველოს ისტორია იდგა. ნელ-ნელა იცვლება ის ულტრალიბერალური კანონმდებლობა.

ჩვენი, “ხალხის ძალის“ პრინციპული მიდგომა იყო, რომ შიდასახელმწიფოებრივი, ეროვნული იდენტობა კანონმდებლობის დონეზე იყოს დაცული, რაც რა თქმა უნდა, პრაქტიკაში უნდა ხორციელდებოდეს.

რაც მეტად დავიცავთ ეროვნულ იდენტობას, მით მეტად დავიცავთ სუვერენიტეტს და მით მეტი პარტნიორი გვეყოლება, რადგან არავის არ უნდა პარტნიორად ისეთი ქვეყანა, ვისაც ღირსება არ გააჩნია. მონად და ვასალად ნამდვილად ბევრი ქვეყანაა. ბევრს ასეთად უნდა საქართველო, რომელსაც არც ეროვნული იდენტობა აქვს, არც სარწმუნოება აქვს, წარსულს ივიწყებს და მისი მომავალი ადვილი განსასაზღვრია. თუ ჩვენ რამემ გადაგვარჩინა, ეს თვითშეგნების და ეროვნული იდენტობის დაცვა იყო!

განსხვავებული აზრი საქართველოში მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო დაცული, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ბოლო პერიოდში ულტრალიბერალურად, ზედმეტად იყო დაცული, რაც უნდა გამოსწორდეს. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ განსხვავებული აზრი არსებობს. შენ ეს შეგიძლია დააფიქსირო იმ პლატფორმაზე, სადაც ხარ: – საჯარო მოხელე ხარ და სამსახურის შემდეგ სადაც ხარ, შეგიძლია იქ დააფიქსირო, პარლამენტში შეგიძლია ტრიბუნა და ყველა მექანიზმი გამოიყენო რაც გაქვს, რიგითი მოქალაქე ხარ და სადაც ხარ შეგიძლია შენი მოსაზრება დააფიქსირო და ასე შემდეგ. თუ ვინმე ვინმეს ამის გამო დასჯის, ეს არასწორია და ასეთი რამ არც ყოფილა, მაგრამ როდესაც შენ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას აყენებ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა რწმენა, ეკლესია, პატრიარქი, ტრადიციები, ეს რა თქმა უნდა დასჯადი უნდა იყოს. როცა აბსოლუტური უმრავლესობა რაღაც ღირებულებას პატივს სცემს და შენ თავს უფლებას აძლევ, საჯარო სივრცეში გამოდიხარ და შეურაცხყოფას აყენებ ქართულ ღვინოს, ქართულ ეკლესიას, პატრიარქს, თქვენი აზრით ეს დასჯადი არ უნდა იყოს?! უმრავლესობა უფლებები არ უნდა იყოს დაცული?! თუ უმრავლესობა ადამიანებში არ გადის?! ის, რომ უმცირებს წევრს თავისი ნება აქვს და შეიძლება საერთოდ არც სწამდეს, არც აღიარებდეს, ეს მისი უფლებაა. ვინმემ ვინმეს მოსთხოვა, რომ გამოვიდეს და ჩვენს სასარგებლოდ აზრი საჯაროდ დააფიქსიროს?! აქ საუბარია იმაზე, რომ არავის აქვს უფლება, რომ აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციებს შეურაცხყოფა მიაყენოს!“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.