ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ პორტალზე სიახლეა – საიტზე დაემატა პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებიც

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალზე – www.ekalata.gov.ge მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა.
- მათივე ინფორმაციით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი გახდა 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასებიც, რაც მომხმარებლებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის უფრო ფართო სპექტრზე ფასების შედარებისა და საუკეთესო შეთავაზებების მოძიების შესაძლებლობას აძლევს.
არასასურსათო პროდუქტების კატეგორია მოიცავს პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების 10 პროდუქტს, მათ შორის: კბილის პასტას, ხელის თხევად და მყარ საპონს, შამპუნს, ჭურჭლის სარეცხ სითხეს, სუფრის ხელსახოცს და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებს.
„3 აგვისტოს, 12:00 საათის მდგომარეობით, პორტალზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 37.65 ლარს შეადგენს, ხოლო 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 38.16 ლარია.
ამ დროისთვის www.ekalata.gov.ge-ზე 13 უმსხვილესი სავაჭრო ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზებაა წარმოდგენილი”, – აცხადებს კონკურენციის სააგენტო.
„www.ekalata.gov.ge მთავრობის ინიციატივისა და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული მოკლევადიანი სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმის მიზანია მომხმარებლისთვის საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა და FMCG სექტორში კონკურენტული გარემოს კიდევ უფრო გაძლიერება.
საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. კონკურენციის სააგენტოს ცნობით, გასული პერიოდის განმავლობაში საბაზისო სასურსათო პროდუქტების ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 15%-ით შემცირდა, ხოლო ვებ-გვერდით ათასობით მომხმარებელმა ისარგებლა.
პორტალზე ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე რეგულარულად ახლდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.