მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 03:26
სწრაფი სიახლე
სპორტი

საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს

SportMedia 6 აგვისტო, 2026 · 21:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საქართველოს 16-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წინაშეა — კონტინენტის ელიტარულ A დივიზიონში, რომელსაც რუმინეთის ქალაქი ორადეა უმასპინძლებს, ჩვენი ჭაბუკები ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის იასპარეზებენ. ეს ტურნირი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შორის სწორედ 16-წლამდელები არიან ერთადერთნი, ვინც უმაღლეს დივიზიონში სტაბილურად ინარჩუნებენ ადგილს და ევროპულ გრანდებს ტოლ-სწორად ეჭიდებიან.

 

ტურნირის მთავარი ამოცანა A დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა, რისთვისაც 16 მონაწილეს შორის საუკეთესო 13 გუნდს შორის მოხვედრაა საჭირო, ხოლო გამარჯვებული ევროპის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.

 

ჩვენმა გუნდმა ელიტაში ადგილი 3 წლის წინ, რუმინეთში გამართულ B დივიზიონში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დაიმსახურა. მას შემდეგ ქართველმა ჭაბუკებმა უკვე ორჯერ მოახერხეს ელიტაში ადგილის დამკვიდრება — ჯერ საბერძნეთში გამართულ ჩემპიონატზე, ხოლო გასულ წელს თბილისში, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ.

 

გათამაშების ფორმატი და ჯგუფური ეტაპი

 

ჩემპიონატის ფორმატი ტრადიციულია: ჯგუფური ეტაპიდან პლეიოფში აბსოლუტურად ყველა ნაკრები გადის, ხოლო სამი ტურის მატჩებს აქვს კლასიფიკაციის ფუნქცია — ჯგუფში დაკავებული პოზიცია განსაზღვრავს მერვედფინალის მეტოქეს. რაც უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს გუნდი, მერვედფინალში მით უფრო დაბალადგილოსან მოწინააღმდეგეს შეხვდება.

 

ჩვენი C ჯგუფი ჯვარედინად წყვილდება D ჯგუფთან (გერმანია, საფრანგეთი, სლოვენია, ბელგია). მაგალითად, C ჯგუფის მესამეადგილოსანი (C3) მერვედფინალში D ჯგუფის მეორეადგილოსანს (D2) დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ადგილზე გასული (C4) — D ჯგუფის გამარჯვებულს (D1).

 

საქართველოს ნაკრების C ჯგუფის განრიგი ასე გამოყურება:

 

7 აგვისტო, 14:00 — ისრაელი vs საქართველო

8 აგვისტო, 21:30 — საქართველო vs ესპანეთი

9 აგვისტო, 16:30 — საბერძნეთი vs საქართველო

 

მზადყოფნა და სამწვრთნელო შტაბი

 

სანაკრებო შტაბს მთავარი მწვრთნელი ნიკა ბურჯანაძე უძღვება, რომელსაც ასისტენტობას ბექა ბექაია და გიორგი გოგალაძე უწევენ. ნაკრებმა საკმაოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა: მზადება თბილისში დაიწყო, რასაც ლატვიასა და მონტენეგროში უცხოური შეკრებები მოჰყვა. ჯამში ჩატარებულმა 6 ამხანაგურმა მატჩმა გუნდს სათამაშო რიტმის დაჭერასა და ტაქტიკური დეტალების დახვეწაში ხელი შეუწყო.

 

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ტურნირს სრული საბრძოლო მზადყოფნითა და მაქსიმალური კონცენტრაციით ხვდება, რათა ევროპის ელიტაში თავისი კუთვნილი ადგილი კიდევ ერთხელ ღირსეულად დაიცვას.

 

GBF.GE

წყარო: Sportall.ge