მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე საგამოძიებო ორგანო დაკავებულ არასრულწლოვნებს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 30 დღის განმავლობაში ფარულად უსმენდა

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე საგამოძიებო ორგანო დაკავებულ არასრულწლოვნებს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 30 დღის განმავლობაში ფარულად უსმენდა.
როგორც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე განმარტავს, ბრალდებულებს, როგორც საცხოვრებელ სახლებში, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციებისას უსმენდნენ.
სონიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სწორედ, ნია იმნაძის სახლში ფარული მიყურადებით იქნა მოპოვებული.
კერძოდ კი, პროკურორი ბრალდებულ ნია იმნაძისა და მამის დიალოგზე საუბრობს.
ასევე, პროკურორმა განმარტა, თუ რატომ მიიღო ათი თვის შემდგე ნია იმნაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილება. მისი თქმით, ამის საფუძველი სწორედ, ფარული ჩანაწერები გახდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დააკავეს არასრულწლოვნები აგვისტოში, ვინაიდან ფარული მასალა თებერვალში მოიპოვეს, პროკურორი განმარტავს, რომ ფარულ ჩანაწერებს დამუშავება და გაშიფვრა სჭირდებოდა.
„ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ, თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ, არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ.
ათი თვე დასჭირდა პროკურატურას იმიტომ, რომ მტკიცებულებების მოპოვება ხდებოდა ამ დროის განმავლობაში. რაც შეეხება კითხვას, რა ახალი მტკიცებულებები გაჩნდა საქმეში, ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. წარმოდგენილ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ ფარული მოსმენები, როგორც სატელეფონო კომუნიკაციების მოსმენა ასევე ბინის ფარული აღჭურვები. ნია იმნაძის ბინის აღჭურვის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასდა. მოგახსენებთ, რომ თებერვალში განხორციელდა ეს ფარული ჩანაწერები, ამის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა, რომ გაშიფრული და დამუშავებულიყო. სწორედ ამიტომ გაჭიანურდა აღნიშნული ვადები“, – აღნიშნა საქმის პროკურორმა.