მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 01:12
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

„კოალიცია ცვლილებისთვის“ – მკაცრად ვგმობთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლითაც მან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები

IPN.ge 8 აგვისტო, 2026 · 22:20 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 10

განცხადება, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, ხოლო 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა ცხინვალი, არის რუსეთის ოფიციალური ნარატივი და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის გადატანა საქართველოზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანია, – ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების დღესთან დაკავშირებით.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ირაკლი კობახიძის განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ პრინციპებსა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას ოკუპაციის საკითხზე.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მკაცრად გმობს ირაკლი კობახიძის 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები. განცხადება, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, ხოლო 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა ცხინვალი, არის რუსეთის ოფიციალური ნარატივი და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის გადატანა საქართველოზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანია, გაკეთებული რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავზე.

2008 წლის ომის შესახებ არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი საერთაშორისო დასკვნა (ევროკავშირის დამოუკიდებელი საგამოძიებო მისია – ე.წ.ტალიავინის კომისია, 2009; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)”, 2021; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ICC, 2022; გაერო-ს გენერალური ასამბლეის არა ერთი დასკვნა), რომლებიც ერთობლიობაში ცხადად ქმნიან სურათს, რომ როგორც შეიარაღებული მოქმედებების დაწყება, ასევე ომის შედეგად წარმოშობილი ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და საქართველოს სუვერენიტეტის განგრძობითი დარღვევა არის რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა.

ამ ფონზე, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება მიზანმიმართულად და შეგნებულად ასუსტებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო ინსტიტუციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად და და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის საქართველოზე გადმოსატანად.

კობახიძის განცხადება შეგნებულად ქმნის პოლიტიკურ და სამართლებრივ ორაზროვნებას ქვეყნის უახლესი ისტორიის თაობაზე, რაც ასუსტებს ჩვენი სახელმწიფოს მედეგობას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. ეს განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ პრინციპებსა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას ოკუპაციის საკითხზე, საჭიროებს მკაცრ პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ობიექტურმა და დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და სამართლებრივად შეაფასოს, შეიცავს თუ არა კობახიძის ეს განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რა მოტივი და მიზანი ამოძრავებს მას საქართველოს სახელით გააკეთოს შეგნებულად გაყალბებული ისტორიული ფაქტების და სამართლებრივი შეფასებების შემცველი განცხადება, რომელიც დამაზიანებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას ერთმანეთთან თანამშრომლობისკენ, საქართველოს ეროვნული ინტერესების შეგნებულად დამაზიანებელი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილების და მისი ქმედებების ანტიეროვნული ხასიათის შესწავლისა და შეფასების მიზნით.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ კვლავ ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე და მის შედეგებზე (საქართველოს ტერიტორიის განგრძობითი ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, ადამიანის უფლებათა მასობრივი და მძიმე დარღვევები, საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა) სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.