დააკავეს მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოს სახურავზე შავი სამოსით და „ცელით ხელში“ იდგა და პაციენტებს აშინებდა

უელსში, საავადმყოფოს სახურავზე უჩვეულო სანახაობამ პაციენტები, მათი ახლობლები და სამედიცინო პერსონალი შეაშინა – შენობის თავზე მამაკაცი შავ სამოსში გამოწყობილი, ხელში კი ცელის მსგავსი ნივთით იდგა.
პოლიციის ინფორმაციით, 26 წლის ლეონ გილესპი შენობის სახურავზე ავიდა და იქ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შავი, კაპიუშონიანი სამოსი ეცვა, რის გამოც მისი გარეგნობა „სიკვდილის ანგელოზს“ შეადარეს.
ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სახანძრო სამსახური მივიდა. სამართალდამცავებმა მამაკაცი საბოლოოდ სახურავიდან ჩამოიყვანეს და დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგნობა და ხელში არსებული ნივთი განსაკუთრებით შემაშინებლად გამოიყურებოდა, გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. მამაკაცს ბრალი საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეწუხებისა და ხმაურის გამოწვევასა და პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად ტერიტორიის დატოვებაზე უარის თქმაში წაუყენეს.
საქმეზე სასამართლო განხილვისას გილესპიმ განაცხადა, რომ მისი ჩაცმულობა „სიკვდილის ანგელოზის“ კოსტიუმი არ ყოფილა და აღნიშნა, რომ თითქოს ჩიტის ფორმაში იყო გამოწყობილი. თუმცა, მისი გარეგნობის გამო შემთხვევამ სოციალურ ქსელებსა და მედიაში სწრაფად მიიპყრო ყურადღება.
საბოლოოდ, მამაკაცმა ბრალი აღიარა. სასამართლომ მას ჯარიმა დააკისრა, ასევე დაეკისრა შესაბამისი ხარჯებისა და კომპენსაციის გადახდა.