მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 22:18
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ჩერგოლეიშვილის სტატუსზე: სხვის უბედურებაზე ღლიცინი, სადაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა “კორუფციითა” და “ავტოკრატიით” გამოწვეული “ჟუჟუნა-წვიმათი” – არაადამიანური და ანტიდასავლური რიტორიკით დაუშვებელია

Prime Time July 12, 2026 7:10 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელშიც ჩერგოლეიშვილი წერს, „ავტოკრატიის თანამდევი სისტემური შედეგია ის, რომ თიხის ფეხებზე დგას ქვეყანა და ჟუჟუნა წვიმაზეც იტბორება და ნადგურდება, არათუ ძლიერ სტიქიაზე“.

ქართველიშვილს იმ ქვეყნების მაგალითები მოჰყავს, სადაც ძლიერ სტიქიას ადამიანური მსხვერპლიც მოჰყვა და ამბობს, რომ სხვის უბედურებაზე ღლიცინი ანტიდასავლური რიტორიკით დაუშვებელია.

„რატომ არის ეს ქალბატონი ასეთი დაუნდობელი ევროკავშირის მიმართ – გაუგებარია: კრიზისი, კორუფცია, ავტოკრატია – ვის არ მოსვლია, იქნება დროებითია? თავის სტატუსში ის ხომ ევროკავშირზე მიუთითებს, თორემ თავისი ქვეყანა ხომ უყვარს, ხოლო როგორც პოლიტიკოსი, ობიექტური და სამართლიანიც არის. მას ხომ ამ ქვეყანაში სურს ხელისუფლებაში მოსვლა და მსგავს სისულელეს საკუთარ ამომრჩეველს ხომ არ დაუწერდა? იქ კი რაც ხდება, განა არ ვიცით. მხოლოდ უკანასკნელ ერთ კვირაში:

რუმინეთში: ბუქარესტსა და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონებში – ძლიერმა ჭექა-ქუხილმა და კოკისპირულმა წვიმებმა ფართომასშტაბიანი დატბორვა გამოიწვია. წყლით დაიფარა ცენტრალური ავტომაგისტრალები, მიწისქვეშა გადასასვლელები და საცხოვრებელი კვარტლები, შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება. სამწუხაროდ – სტიქიას ადამიანური მსხვერპლიც მოჰყვა, ხოლო სამაშველო ოპერაციებში ასობით მეხანძრე მონაწილეობდა.

ავსტრიაში: ქვეყნის ზემო და ქვემო რეგიონებში, ძლიერ ქარიშხლიან ფრონტებს თან ახლდა გადაუღებელი წვიმა, ღვარცოფები და ქარიშხლის ძალის ქარი. დაიკეტა საავტომობილო გზები, დაზიანდა ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის შედეგად აქაც სამწუხაროდ დაიღუპნენ ადამიანები.

ესპანეთში:კატალონიასა და ვალენსიის ავტონომიურ გაერთიანებაში – მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის მთავარ პრობლემად კვლავ ექსტრემალური სიცხე და ტყის ხანძრები რჩება, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს ცალკეულ რეგიონებში ძლიერმა წვიმებმა ქუჩების, სატრანსპორტო კვანძებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დატბორვა გამოიწვია.

საფრანგეთში: სამხრეთ-დასავლეთი რეგიონებში ძლიერმა ჭექა-ქუხილმა და კოკისპირულმა წვიმებმა ადგილობრივი წყალდიდობები გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა გზები და დასახლებული პუნქტები. თუმცა, მიყენებული ზარალის მასშტაბით – ეს მოვლენები ჩამორჩება იმ ზიანს, რომელიც ტყის ხანძრებმა და ანომალიურმა სიცხემ გამოიწვია.

ასე რომ, სხვის უბედურებაზე ღლიცინი, სადაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა „კორუფციითა“ და „ავტოკრატიით“ გამოწვეული „ჟუჟუნა-წვიმათი“ – არაადამიანური და ანტიდასავლური რიტორიკით დაუშვებელია, რასაც ჩვენ ცალსახად ვგმობთ და ვუზიარებთ ჩვენს თანადგომას ბათუმში საზეიმო ცეკვებით გართულ ევროკავშირის ელჩს, პან ჰერჩინსკის“, – წერს ქართველიშვილი.