U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს

ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის მერვედფინალურ შეხვედრაში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა. მატჩი ფრანგების უპირატესობით წარიმართა და მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 89:54 (19:10, 22:15, 28:19, 20:10) დასრულდა.
ჩვენი გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ მარკოიშვილმა აჩვენა, რომელმაც 26 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა, ლუკა გაბისიანმა ანგარიშზე 7 ქულა და 6 პასი ჩაწერა, ანდრია ჭკადუამ 6 ქულა მიითვალა, ლევან გაჩეჩილაძემ 5 ქულა ჩააგდო, ნიკოლოზ ჯანელიძემ და ალექსანდრე ლეჟავამ 4-4 ქულა დააგროვეს, ხოლო სანდრო კენდიმ და ბუბა კვასტიანმა თითო ქულა მოუტანეს გუნდს.
ამ მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები ტურნირზე მე-9 — მე-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. მომდევნო მეტოქე თურქეთი იქნება, რომელიც პარალელურ მატჩში მოულოდნელად მასპინძელ რუმინეთთან დამარცხდა.
მისიის შესრულების სცენარები A დივიზიონში დარჩენისთვის:
თურქეთთან გამარჯვების შემთხვევაში: საქართველოს ნაკრები ავტომატურად განაღდებს ადგილს საუკეთესო 12 გუნდს შორის, რითაც მთავარ ამოცანას — ელიტურ A დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას პირველივე შანსიდან შეასრულებს.
თურქეთთან მარცხის შემთხვევაში: გუნდს შეცდომის უფლება აღარ ექნება და დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება დასჭირდება, რათა 13 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდეს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს.
საქართველოსა და თურქეთის პრინციპული დაპირისპირება 12 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება.
GBF.GE
წყარო: Sportall.ge