ზელენსკი: მოგვყიდეთ აშშ-ის Patriot-ების რაკეტების მარაგის 10% და ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ

უკრაინას რუსეთის მზარდი ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმების შესაჩერებლად აშშ-გან სასწრაფოდ საჭირო რაკეტების მხოლოდ მეათედი აქვს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, დღეები გადის „მილიონობით“ სატელეფონო ზარსა და მოკავშირეებთან ფარულ მოლაპარაკებებში, რათა უკრაინამ მეტი რაკეტა მიიღოს.
ბოლო კვირებში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენება მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კიევში. მოსკოვი სარგებლობს იმით, რომ უკრაინას Patriot-ების თითქმის ნულოვანი მარაგი აქვს. ზელენსკის თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი მარაგის 10% საკმარისი იქნება ყველა რუსული ბალისტიკური შეტევის შესაჩერებლად, ხოლო 5% უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარება.
„წელს ჩვენ ორნახევარჯერ ნაკლები რაკეტა გვაქვს, ვიდრე 2025 წელს გვქონდა. რუსეთს კი თვეში ორჯერ მეტი ბალისტიკური რაკეტა აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გაეროს მონაცემებით, ივლისი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 2022 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე სისხლიანი თვე იყო.
„ყოველ ღამეს თავდასხმებია და თვეში ოთხი-ხუთი მასშტაბური თავდასხმა გვაქვს… საშინელი ღამეებია. ხალხი ძალიან გმირი და მედეგია, მაგრამ ისინი დაიღალნენ“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, თუ აშშ უკრაინას მარაგის 5%-ს მიჰყიდის, ქვეყანა ზამთარს გადაიტანს და ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს, ხოლო 10%-ის მიღების შემთხვევაში „ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გაანადგურებს“.
„მე ახლა 1% მაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც CNN- იუწყება, რაკეტების გლობალური დეფიციტი აშშ-ის ირანთან ომსაც უკავშირდება. აშშ-მა და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ირანის სარაკეტო და იაფფასიანი დრონების თავდასხმების მოსაგერიებლად Patriot-ის სისტემის ათობით რაკეტა გამოიყენეს. დეფიციტი განსაკუთრებით მძიმედ უკრაინაზე აისახება, სადაც ზოგიერთ ღამეს ქალაქები მოსკოვის სარაკეტო იერიშებისგან თითქმის დაუცველი რჩება.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს გაურკვევლობა, როგორ განხორციელდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაპირება, რომლის მიხედვითაც უკრაინას საკუთარი Patriot-ის რაკეტების წარმოების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
ტრამპმა ნატოს ანკარის სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ უკრაინას რთული სისტემის წარმოების ლიცენზიის მიღების უფლებას მისცემდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნა, რომ ამ იდეის მიმართ თავადაც გაურკვევლობა ჰქონდა.
Patriot-ის სისტემების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იდეის განსახილველად კიევში ჩავიდნენ, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ არ ჩანს.
„იმედი მაქვს, რომ ამას მივიღებ. ახლა არც 5% მაქვს და არც ასეთი თანხმობა. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა – ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ომის დაწყებიდან მქონია“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ის თეთრ სახლს პირდაპირ – სატელეფონო ზარებითა და შეტყობინებებით – ასევე მოკავშირეების მეშვეობით სთხოვს Patriot-ის სისტემების გადაცემას. მან ტრამპის ადმინისტრაციასთან ბოლო კომუნიკაციის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.