მთავარი კონტენტი
შაბათი, 15 აგვისტო, 2026 | 16:15
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სახლს ცეცხლი განზრახ წაუკიდა – 32 წლის კაცი მამის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი (უცხოეთი)

Prime Time 15 აგვისტო, 2026 · 13:57 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 11

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში, 32 წლის მამაკაცი მამის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა დამწვარი სახლის ნანგრევებში 70 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. სავარაუდო მკვლელობაში ეჭვმიტანილი შვილი სამი დღის განმავლობაში სამართალდამცველებს ემალებოდა და მასშტაბური სამძებრო ოპერაციის შემდეგ დააკავეს.

პოლიციაში შეტყობინება შევიდა საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ შენობაში 70 წლის რობერტ რაიანის ცხედარი იპოვეს.

გამოძიებამ მალევე დაადგინა, რომ ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა – სახლს განზრახ ჰქონდა ცეცხლი წაკიდებული და მამაკაცის სიკვდილი მკვლელობად განიხილებოდა.

ეჭვი რობერტ რაიანის 32 წლის შვილზე, თომას დევიდ რაიანზე მიიტანეს. პოლიციის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში მამაკაცი მამის სახლიდან გაქცევისას ჩანს.

გამოძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ისიც გახდა, რომ თომას რაიანმა შემთხვევის შემდეგ მამის მანქანით დატოვა ტერიტორია. ავტომობილს სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

სამი დღის განმავლობაში რაიანის ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

საქმის კიდევ ერთი მძიმე დეტალი ოჯახმა გაამხილა. დაღუპულის ქალიშვილის, სტეფანი კოიროს განცხადებით, ოჯახს თომას რაიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და მისი ქცევა მათთვის წარსულშიც შემაშფოთებელი ყოფილა. ოჯახის თქმით, მამაკაცს ბოლო პერიოდში მედიკამენტების მიღება შეწყვეტილი ჰქონდა.

თომას რაიანი მამასთან ერთად არ ცხოვრობდა. ბოლო პერიოდში იგი სხვადასხვა თავშესაფარში ცხოვრობდა და ნიუ-იორკის სხვადასხვა რაიონში გადაადგილდებოდა.

ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება. ხელისუფლებას ჯერ არ გაუვრცელებია მკვლელობის სავარაუდო მოტივი და ასევე არ არის საჯაროდ ცნობილი, კონკრეტულად რა ვითარებაში გარდაიცვალა 70 წლის მამაკაცი.