“მამა არასდროს მინახავს“ – გია ფერაძის ვაჟი ცხოვრების უცნობ დეტალებზე, მამაზე, კარიერასა და “მის მსოფლიოსთან” ქორწინებაზე

ცნობილი ქართველი მსახიობის, გია ფერაძის ვაჟი, გიორგი ფერაძე რუსულ მედიასთან ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე, ქსენია ბეზუგლოვასთან სიყვარულზე, ნიკიტა მიხალკოვთან რთულ ურთიერთობაზე და იმ პერიოდზე საუბრობს, როცა პროფესიის დატოვებაზეც კი ფიქრობდა.
- ის დღეს რუსეთის თეატრალურ სივრცეში კარგად ცნობილი მსახიობია. 1985 წელს კრასნოიარსკში დაბადებული მსახიობი გია ფერაძის შვილია და მამის კვალს გაჰყვა – თეატრში თამაშობს, კინოსა და სერიალებში იღებენ, პარალელურად კი შოუმენად, წამყვანად და პოეტადაც მუშაობს. 2018 წლიდან ის ნიკიტა მიხალკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ თეატრში “მასტერსკაია 12“-ში მოღვაწეობს.
2024 წელს ქსენია ბეზუგლოვას ხელი სთხოვა. ბეზუგლოვა, რომელიც 2008 წლის მძიმე ავტოკატასტროფის შემდეგ ეტლით გადაადგილდება, “მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელია და სამი შვილის დედაა. მათი ურთიერთობა 2025 წელს ქორწილით დასრულდა.

“მამა არასდროს მინახავს“
გიორგი ფერაძის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დეტალი ის არის, რომ ის ცნობილი მამის გარეშე გაიზარდა. გია ფერაძე 1995 წელს, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავად გიორგი კი მამას საერთოდ არ შეხვედრია – მისი ნახვა მხოლოდ ფოტოებსა და ფილმებში შეეძლო.
მიუხედავად ამისა, მსახიობობა მის ცხოვრებაში თითქოს თავიდანვე იყო ჩაწერილი. ბავშვობიდან თეატრალურ გარემოში იზრდებოდა, მოგვიანებით კი კრასნოიარსკის სახელმწიფო მუსიკისა და თეატრის აკადემია დაამთავრა და 2005-2015 წლებში სამარის დრამატულ თეატრში მუშაობდა.
მისი კარიერა საბოლოოდ მოსკოვში გაგრძელდა, სადაც ნიკიტა მიხალკოვის თეატრალურ აკადემიაში მოხვდა, შემდეგ კი “მასტერსკაია 12“-ის მსახიობი გახდა. თუმცა თავად მსახიობი ამბობს, რომ ამ გზის გავლა სულაც არ ყოფილა მარტივი. ფერაძე იხსენებს, რომ ნიკიტა მიხალკოვთან მუშაობის პირველ ეტაპზე ძალიან მძიმე პერიოდი ჰქონდა.
“ერთი ფრაზის გამეორებას შეიძლება სამი საათი დასჭირვებოდა. შემდეგ კი, მაგალითად, საერთოდ მხსნიდნენ როლიდან და სხვა მსახიობს იწვევდნენ“, – ამბობს ის. იყო მომენტები, როცა ფიქრობდა, რომ შესაძლოა მსახიობობა საერთოდ დაეტოვებინა.
“მინდოდა პროფესიიდან წასვლა. ვფიქრობდი: ყველაფერი სასწორზე დავდე, სამარაში ვეღარ დავბრუნდები და აქ კი ასეთი რამ ხდება“.

მსახიობის თქმით, მიხალკოვი მას საკმაოდ მკაცრად ექცეოდა.
“მამტვრევდა და ძლიერად მტეხდა. რაღაც არ გამოდის, რაღაც არ მიდის… 30 ადამიანი დარბაზში ზის და მთელი დრო რეპეტიციას უყურებს. საშინელებაა. და მესმის: “სამარაში ასე ითამაშებ. მოდი, შემდეგი მონაკვეთი“. გავდივარ, ვიცვლი ტანსაცმელს და ვბრუნდები. ის კი მეუბნება: “ო, ისევ შენ! აბა, გამაოცე““.
მაგრამ სწორედ ამ სიმკაცრემ საბოლოოდ შეცვალა მისი დამოკიდებულება პროფესიის მიმართ.
ერთ-ერთ რეპეტიციაზე, პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, ფერაძემ ბოლოს და ბოლოს იპოვა ის ფრაზა, რომელსაც დიდხანს ეძებდნენ. ამის შემდეგ მიხალკოვი მასთან მივიდა და უთხრა:
-
“ყოჩაღ! მე ასეთ მამაკაცებს ვაფასებ. მე შენ გტეხდი და შენ ერთხელაც არ გითქვამს არაფერი. ასეთი ადამიანები ჩემთვის ფასეულები არიან. გააგრძელე“.
ფერაძის თქმით, ამის შემდეგ თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა.
“მაშინ ჩემში რაღაც გაიხსნა. ამის შემდეგ ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი სცენაზე, რომ მიხალკოვი ყოველ ჯერზე მეუბნებოდა: “მე მეგონა, აქ ყველაფერი უკვე ვიპოვეთ და შენ ვეღარაფრით გამაკვირვებდი.“
“მიხალკოვი ჩემთვის თითქმის მამასავით გახდა“
მსახიობი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მათი ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა. თუ თავიდან მიხალკოვის წინაშე საკუთარი თავის დამტკიცება უჭირდა, დღეს მასთან კამათიც შეუძლია.
“ერთხელ სპექტაკლის რეპეტიციაზე ვუთხარი: “ნიკიტა სერგეევიჩ, რატომ საუბრობთ ჩემი რეპლიკის დროს? ახლა ჩემი ფრაზაა“. მან კი მიპასუხა: “კი, გიაჩკა, შენ მართალი ხარ“.
“მან ჩემთვის ადამიანურად ძალიან ბევრი გააკეთა – ზრუნვა, მეგობრობა და რაღაც თვალსაზრისით მამობაც გამიწია“.

სიყვარული, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა
გიორგი ფერაძის ცხოვრების მეორე დიდი გარდატეხა ქსენია ბეზუგლოვასთან შეხვედრა აღმოჩნდა. ბეზუგლოვა 2008 წლის ავარიის შემდეგ ეტლით გადაადგილდება. 2013 წელს მან საერთაშორისო კონკურსი “მის მსოფლიო“ მოიგო ეტლით მოსარგებლე ქალებს შორის, შემდეგ კი სამი შვილი შეეძინა. 2023 წელს პირველი მეუღლე, ალექსეი ბეზუგლოვი, გაშორდა. 2025 წელს კი მისი რჩეული გიორგი ფერაძე გახდა.
ფერაძე ამბობს, რომ სწორედ ქსენია გახდა მისი “დონ კიხოტის“ მთავარი შთაგონება და მის ცხოვრებაში გამოჩენამ შემოქმედებითი ენერგიის უზარმაზარი ნაკადი გააჩინა.
- “როცა სცენაზე ვამბობ – “მე ჩემს სიცოცხლეს გიძღვნი, ჩემო დედოფალო და ქალბატონო“, ცრემლები თავისით მომდის. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ჩემში“, – ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, ქსენია მისთვის დულსინეაა – ქალი, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
და ამ სიყვარულისგან დაიბადა მისი საავტორო პროექტიც – “ინოე“, სადაც მსახიობი სიყვარულზე, ურთიერთობებზე, საკუთარ შეცდომებზე, ეჭვიანობასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბრობს.
“მივხვდი, რომ თუ არ შევიცვლებოდი, ქსენიას დავკარგავდი“
ფერაძე აღიარებს, რომ წარსულში ეჭვიანობა მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. “ეს საერთოდ ჩემი ცხოვრების მოდელი იყო, – ამბობს მსახიობი. ქსენია კი მისთვის ის ადამიანი აღმოჩნდა, რომლის დაკარგვის შიშმაც საკუთარი თავის შეცვლა აიძულა.
“მივხვდი: თუ იქ დავრჩებოდი, სადაც ადრე ვიყავი, თუ გავაგრძელებდი ცხოვრებას ისე, როგორც მანამდე, ქსენიას დავკარგავდი. მე კი მასთან ბოლომდე მინდოდა ყოფნა“.
ქორწილი, რომელიც სტუმრებისთვის საიდუმლო იყო
წყვილმა 2025 წლის 8 ივნისს ქორწილი ფაქტობრივად ერთ დღეში დაგეგმა. სტუმრები ფიქრობდნენ, რომ ქსენია დაბადების დღეს აღნიშნავდა, თუმცა ადგილზე მათთვის მოულოდნელი ქორწილი დახვდათ.
ფერაძე ამბობს, რომ ყველაფერი იმდენად სპონტანურად მოხდა, ოფიციალური რეგისტრაციისთვის დროც აღარ ჰქონდათ.
“ქსენია მეუბნება: “ბარემ ხომ არ დავქორწინდეთ?“ მე მაშინვე დავთანხმდი!“
მსახიობის თქმით, საქორწინო ცერემონიის დროს განსაკუთრებული რამ მოხდა – ფიცის დადების მომენტში ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო.
“ზუსტად მაშინ, როცა ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და ფიცს ვამბობდით, საშინლად დაიგრუხუნა. არც ადრე, არც გვიან. როგორც კი ცოლ-ქმრად გამოგვაცხადეს, ისევ დაიგრუხუნა. ყველა ცრემლებს იწმენდდა“.

- “მისი შვილები ჩემი საუკეთესო მასწავლებლები არიან“
ქსენია ბეზუგლოვას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. ფერაძე ამბობს, რომ მათთან ურთიერთობა თავიდანვე ძალიან მარტივად აეწყო. ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და არასოდეს უცდია მათი მამის ჩანაცვლება.
“მე თვითონ გავიზარდე მამის გარეშე და ამიტომ ძალიან მკაფიო პოზიცია მაქვს. ბავშვებში დედისა და მამის მიმართ სიყვარულს ვაძლიერებ.“
“ახლა კინო მაინტერესებს“
მიუხედავად იმისა, რომ თეატრს თავის მთავარ სიყვარულად მიიჩნევს, გიორგი ფერაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კინოსკენ უფრო მეტად იხედება. “თეატრი ჩემი მოწოდებაა. მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. მაგრამ კინოში მინდა – იქ ჩემთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი“.
ამბობს, რომ განსაკუთრებით ისეთი პროექტები იზიდავს, რომლებიც ახალი უნარების შესწავლას აიძულებს.
“გეგმა ბევრი მაქვს. მინდა საკუთარი სახლი, ოჯახთან ერთად მთელი მსოფლიოს მოვლა და ისეთი პროექტების კეთება, რომლებიც ადამიანებისთვის სასარგებლო იქნება“, – ამბობს გიორგი ფერაძე.