მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 16:30
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“ეგ არ ამბობდა, თუ სააკაშვილი არ გაჩერდება, ახალ სასჯელებს დავუმატებთო? – კარმა ოხერი რამაა” – მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე

Ambebi.ge 18 აგვისტო, 2026 · 15:00 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ეგ არ ამბობდა, თუ სააკაშვილი არ გაჩერდება ახალ სასჯელებს დავუმატებთო? ახლა იგივე შემოუთვალა პატრონა მას და მანაც უცებ აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი “ბოროტი“, “სასტიკი“ და “მჩაგვრელი“ ყოფილა. კარმა ოხერი რამაა, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილს.


  • “ნახეთ რა მომხდარა – ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი ფიქრობს როგორ დააშოშმინოს ზოოპარკის ურჩი მაცხოვრებელი. ასეთია მთავარი ქურდი ივანიშვილის და მისი ყოფილი განაბის, ღარიბაშვილის ისტორია.

ეს ბანდა ხელისუფლებაში მოვიდა 8 თვის ბავშვის რიტუალური მკვლელობით. მოსვლის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით დახოცეს კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელები. ბოტასების ქურდი მთავარ პროკურორად დანიშნეს. უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩაყარეს და ნამდვილი დამნაშავეები გამოუშვეს.

2017 წელს “რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა, ეროსი კიწმარიშვილმა პრეტენზია გამოთქვა არხზე, რომლის მფლობელობაზე მაშინ დავა მიდიოდა სტრასბურგში. ეროსის საქმეში შესვლას შეეძლო თავდაყირა დაეყენებინა ყველაფერი. მან არ შეისმინა გაფრთხილება გაჩუმებულიყო, რის შემდეგ საკუთარ გარაჟში მოკლული იპოვეს. თვითმკვლელობა დააბრალეს, ხოლო გარაჟის სათვალთვალო კამერები შეტრიალებული აღმოჩნდა. ეროსის ძმა აყვირდა, მაგრამ მოისყიდეს და გააჩუმეს. შემდეგ მაფიამ გადაინაცვლა ქოლცენტრებში, სადაც მათ თანამშრომელი თამარ ბაჩალეიშვილი აუჯანყდა, ის მოკლეს და მკვლელობის ფაქტი დამალეს.

ამავე დროს ფართოდ განვითარდა პოლიტიკური კორუფცია. ენმ-ს ზედიზედ 3 ჯგუფი გამოეყო მიზეზების დასახელების გარეშე და როგორც ახლა ყველამ იცის, ამაში გადახდილი იყო დიდი ფული.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბანდამ ბოლომდე აიწყვიტა. ომის დაწყებიდან ერთ თვეში მე მომწამლეს ციხეში (აქაოდა ამისთვის ახლა არავის სცალიაო) შემდეგ დაიჭირეს ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც საჯაროდ ამხილა ივანიშვილი FSB-ს გენერალთან თანამშრომლობაში. ჩიკვაიძე ჯერ დაიჭირეს და შემდეგ ციხეში მოწამლეს და მას შემდეგ ხმას აღარ იღებს.

ცალკე არის განსახილველი გიორგი ბაჩიაშვილის ისტორია. საქმე აღუძრეს ივანიშვილისთვის, მისი ყოფილი პარტნიორისთვის ფულის გადახდის მოთხოვნით. ის გაიქცა ემირატებში. ივანიშვილმა ემირატების მთავრობის წარმომადგენლებს გადაუხადა დიდი ფული. ბაჩიაშვილი მოიტაცეს, ციხეში ჩასვეს, სადაც ცემეს, ცემის შემდეგ ციხის უფროსი შეუგზავნეს ფულის დაბრუნების მოთხოვნით. ბაჩიაშვილი ისევ უარზე იყო, მაშინ მთელს მის ოჯახს დაუყადაღეს ქონება. მშობლები გააქციეს უცხოეთში, ხოლო ციხის უფროსი დღისით მზისით მოკლეს (რა თქმა უნდა აქაც თვითმკვლელობა დააბრალეს) და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდა ბაჩიაშვილი 600 მილიონი დოლარის ივანიშვილისთვის “დაბრუნებას“, რის შემდეგაც ვითომ არაფერი, ყველა საქმე შეწყვიტეს და ბაჩიაშვილი გაუშვეს. პარალელურად ხდება სუს-ის და პოლიციის რამდენიმე თანამშრომლის “თვითმკვლელობა“ უკიდურესად საეჭვო ვითარებაში.

შემდეგ ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ მარტო ბაჩიაშვილმა კი არა, ლილუაშვილმა (რომელიც ჩემი მოწამვლის ორგანიზატორი იყო) და ღარიბაშვილმაც მოჰპარეს ფული. ისინი ჩასვეს და უთხრეს, რომ სანამ “მაყუთს“ არ ჩამოიტანენ, ციხეში დალპებიან.

ამავე დროს, გრძელდება პოლიტიკაში ფულით ჩარევა. საბანკო მაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლების, გილაურების ხელით ფული მისცეს პოლიტიკოსებს “ნაცმოძრაობის“ დასაშლელად და ახალი პოლიტ-ძალის შესაქმნელად. “არჩევნების“ შემდეგ იგივე გილაურმა მოსთხოვა ამ ცალკეულ პოლიტიკოსებს გაყალბების აღიარება და პარლამენტში შესვლა, რაზეც ეს უკანასკნელები პოლიტიკური გაფარჩაკების შიშით არ დათანხმდნენ. ივანიშვილმა მაფიოზურად ჩათვალა, რომ ის გადააგდეს და ყველა დაიჭირა. კარგი გაკვეთილია, თუ რამდენად საშიშია მაფიისგან ფულის აღება.

იყო საკუთარი ბანდის წევრებიდან ფულის ამოღებები, ბევრის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ რიჟვაძის “თვითმკვლელობის მცდელობაზე“ მისი დაკაჩავების დროს, ყველამ იცის. კრიმინალური სინდიკატი მოქმედებს შაბლონურად.

ხოდა, აი ახლა მინდა ვუთხრა მათ, ვისაც უკვე ხელი აქვს კლავიატურაზე – “კი მაგრამ არ იცოდი ვის უგდებდი ქვეყანას ხელშიო?“

ძალიან კარგად ვიცოდი და ხმის ჩახლეჩამდე გაფრთხილებდით. მაინც ვერ დაგარწმუნეთ, რისთვისაც ბოდიშს გიხდით, მაგრამ რადგან ვერ დაგარწმუნეთ ერთადერთი გზა რჩებოდა – დიქტატურის დამყარება და მომიტევეთ, მაგრამ მე არ ვარ დიქტატორული მასალისგან გაკეთებული და მიუხედავად ყველაფრისა რაც თავს დამატყდა, ღრმად მჯერა დემოკრატიის და თავისუფლების.

რაც შეეხება არარაობა ღარიბაშვილს, ეგ არ ამბობდა თუ სააკაშვილი არ გაჩერდება ახალ სასჯელებს დავუმატებთო. ახლა იგივე შემოუთვალა პატრონა მას და მანაც უცებ აღმოაჩინა რომ ივანიშვილი “ბოროტი“, “სასტიკი“ და “მჩაგვრელი“ ყოფილა. კარმა ოხერი რამაა.

ღარიბაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის მსუბუქი შანტაჟი, მას შემდეგ რაც მისმა ახლო ნათესავმა რამდენიმე დღის წინ “თავი მოიკლა“ (ივანიშვილის საქართველო რეკორდსმენია თვითმკვლელობების რიცხვით) და ამან ღარიბაშვილი პანიკაში ჩააგდო, მაგრამ ღარიბაშვილი, როგორც ყველა ბობოლა “ქოცი”, ლაჩარია. ასე რომ ჩვეულებრივად ალოკავს თავის გადაფურთხებულს უახლოეს დროში“, – წერს სააკაშვილი.