მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 16:49
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

პრემიერი – ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური იყო – დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა და ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 16:10 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ერეკლე მეორის არჩევანი [რუსეთის იმპერიასთან „გეორგიევსკის ტრაქტატის“ გაფორმება] ცივილიზაციური არჩევანი იყო – დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა! ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ – როდესაც ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია გვაქვს, ესეც იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურებაა, რომელიც თავის დროზე ჩვენმა დიდმა მეფემ მიიღო, – ეს განაცხადა დღეს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ერეკლე მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო.

კობახიძის თქმით, ბუნებრივია, არსებობდა რისკები, რაც შემდეგ რეალიზდა, თუმცა „ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯით საქართველო გადარჩა“.

„გეორგიევსკის ტრაქტატთან“ დაკავშირებით მთავარია საერთო შეფასება – რა მოტივით მოქმედებდა ერეკლე მეორე, მაშინდელი საქართველოს ხელისუფალი, როდესაც ამ ტრაქტატს აფორმებდა და საბოლოო ჯამში, რა შედეგები მიიღო ქვეყანამ ამ ტრაქტატიდან. ბუნებრივია ერეკლე მეორის ნაბიჯი შედეგებიდან უნდა შეფასდეს.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება იყო. ეს იყო ხელშეკრულება იმპერიასთან. რუსეთის იმპერია იყო იმპერია საკუთარი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესებით და ზრახვებით. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ერეკლე მეორეს რისკებიც ჰქონდა გათვლილი. ბუნებრივია, ეს რისკებიც საბოლოო ჯამში რეალიზდა, თუმცა მთლიანობაში ქვეყანამ კონკრეტული შედეგები მიიღო იმ ნაბიჯიდან, რომელიც მაშინ ერეკლე მეორემ გადადგა. შედეგები ადასტურებს იმას, რომ მისი ნაბიჯი უალტერნატივო და ბრძნული იყო.

მაშინ რეალურად ცივილიზაციური არჩევანი გაკეთდა. ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური არჩევანი იყო. ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მუსლიმანური ქვეყნის ვასალი იყო. მაშინ ერეკლე მეორემ პრინციპული – რელიგიასა და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მიიღო. ეს მისი ცივილიზაციური არჩევანი იყო. საბოლოო ჯამში, ამ არჩევანმა ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტული შედეგი მოიტანა. დღეს რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის რომ ჩვენი ერი გადარჩა, რადგან მე-18 საუკუნის ბოლოსთვის დემოგრაფიული თვალსაზრისით უკიდურესად მძიმე ვითარება იყო და ქვეყანა ტრადიციულ ევროპულ ფასეულობებს და ტრადიციულ ევროპულ კულტურა ეფუძნება სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილების დამსახურებაა.

რისკები იყო, რაც ბუნებრივია, რომ შემდეგ რეალიზდა. როცა პატარა ქვეყანას დიდი იმპერიასთან გაქვს საქმე, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, რისკები თავისთავად არსებობს. საბოლოო ჯამში, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – შედეგი არის ის, რომ მაშინ საქართველო გადარჩა და გადარჩა ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით. დღეს რომ საქართველო არის ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული, ქრისტიანული ქვეყანა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა.

დღეს ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ – ჩვენ გვინდა ტრადიციული ცივილიზაციური სამყაროს ნაწილი ვიყოთ. მათ შორის ევროკავშირთან სწრაფვა ამას ეფუძნება. ეს არის ჩვენი არჩევანი და როდესაც ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია გვაქვს, ესეც იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურებაა, რომელიც თავის დროზე ჩვენმა დიდმა მეფემ მიიღო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.