გაერო-ს 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს.
-
ერთობლივი განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გაავრცელა.
“დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს – 35 წელი მას შემდეგ, რაც 1991 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო უკრაინელი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის რუსეთმა, აღიარა. თუმცა, ზეიმის დღის ნაცვლად, დღევანდელი დღე ასევე აღნიშნავს ოთხწელიწადნახევარს რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო, სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან – გაერო-ს
თუმცა, დღევანდელი დღე, ზეიმის ნაცვლად, ასევე აღნიშნავს ოთხნახევარი წლის რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან. ეს არის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აშკარა და მუდმივი დარღვევა. რუსეთის შეჭრამ ეჭვქვეშ დააყენა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები და შეარყია როგორც რეგიონული, ასევე გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება“, – აღნიშნა ლარს ლოკე რასმუსენმა.
მისი თქმით, განცხადების ხელმომწერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ურყევ ვალდებულებას, უზრუნველყონ სრული პასუხისმგებლობის დაკისრება საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილი დანაშაულებისთვის. „მსხვერპლთათვის სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი – განსაკუთრებით კი მსოფლიოში მომავალი სისასტიკის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ომის შედეგები უკრაინის ფარგლებს გარეთაც იგრძნობა.
„ჩვენს რამდენიმე ევროპელ პარტნიორს არაერთი საჰაერო სივრცის დარღვევა და დრონების ინციდენტი განუცდია, რაც საშიშიცაა და მიუღებელიც. ეს ინციდენტები არასწორი გათვლებისა და შემდგომი ესკალაციის მზარდ რისკს შეიცავს და ეს აქ არ მთავრდება. ფართო საერთაშორისო საზოგადოებაც გრძნობს ამ ზემოქმედებას. რუსეთი თავს ესხმის შავ ზღვაში მარცვლეულის გადაზიდვებსა და უკრაინაში საპორტო ობიექტებს და ოპერაციები შეფერხებულია, რაც მთელ მსოფლიოსთვის უზარმაზარ შედეგებს იწვევს და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას“, – აღნიშნა ლარს ლოკე რასმუსენმა.
-
მისი თქმით, ეს უაზრო ომი და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა შეიძლება დაუყოვნებლივ დასრულდეს.
“რუსეთმა უბრალოდ უნდა მიიღოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რასაც უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება წელიწადნახევარზე მეტია ითხოვს. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენც გვინდა მშვიდობა. კატეგორიულად მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს და განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის შესაბამისად. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ განსაკუთრებულ დღეს – უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს – ჩვენ კვლავ მტკიცედ დავუდგებით უკრაინას გვერდით. გაეროს წესდების შესაბამისად სამართლიან და მდგრად მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ლარს ლოკე რასმუსენმა განცხადება ალბანეთის, ანდორას, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, კანადის, კოსტა რიკის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, ჰონდურასის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პანამის, პოლონეთის, პორტუგალიის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვას რესპუბლიკის, რუმინეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს და ევროკავშირის დელეგაციის სახელით გაავრცელა.