მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 21:09
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

მარტა კოსი: მსოფლიო შეიცვალა – ევროკავშირის გაფართოებაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს

Prime Time 25 აგვისტო, 2026 · 18:30 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სამშაბათს წარადგინა ევროკომისიის წინადადება ბლოკის გაფართოების პროცესის გადახედვის შესახებ – მან ისაუბრა ეტაპობრივი ინტეგრაციის, კანდიდატი ქვეყნების უფრო მკაცრი შემოწმებისა და ახალი მეთოდოლოგიის გეგმებზე. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

„მსოფლიო შეიცვალა. გაფართოებაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა სამშაბათს, ზაგრებში, ხორვატიის ელჩების კონფერენციაზე გამოსვლისას.

თავის გამოსვლაში კოსმა გაფართოებამდე დაგეგმილი პოლიტიკური რეფორმის ძირითადი აქცენტები გამოყო – ეს არის დიდი ხნით შეჩერებული ინიციატივა, რომელიც იკვლევს, თუ როგორი შეიძლება იყოს 30-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ევროკავშირი. ევროკომისიამ ეს საკითხი კვლავ გაააქტიურა.

„ევროკომისია წარადგენს თავის ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი, როდესაც კანდიდატი ქვეყნები გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ფინიშს უახლოვდებიან“, – განაცხადა კოსმა. – „ჩემი აზრით, ოთხი მთავარი საკითხი უნდა გადავჭრათ, რათა უმაღლეს დონეზე მივაღწიოთ კონსენსუსს ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად“.

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის აზრით, უფრო დიდ გაერთიანებას მნიშვნელოვანი რეფორმები დასჭირდება იმისათვის, რომ ქმედითუნარიანობა შეინარჩუნოს და კრიზისის დროს სწრაფი ადაპტირება შეძლოს.

მნიშვნელოვანია, რომ მისი არგუმენტით, გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს დამფუძნებელი ხელშეკრულებების ჩასწორების გარეშეც, რაც წევრ ქვეყნებს შორის ხანგრძლივ მოლაპარაკებებსა და არაპროგნოზირებადი რატიფიკაციის პროცესს მოითხოვდა.