მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 23:34
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ქუთაისში სამშენებლო კომპანიის ყოფილი და მოქმედი დირექტორები დააკავეს – გამოძიება მათ თანხების მითვისებასა და არარსებული ფართების გაყიდვას ედავება

Prime Time 25 ივლისი, 2026 · 21:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

მარინა ქებულაძე ერთ-ერთია იმ დაზარალებულებს შორის, რომლებსაც ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში საკუთარი ფართი უნდა მიეღოთ. თუმცა, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო, მესაკუთრეები ბინების გარეშე დარჩნენ.

შპს “სკაიფორტის” ყოფილი და მოქმედი დირექტორები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს თანხები, რომლებიც მოქალაქეებმა საკუთარი ფართებისთვის გადაიხადეს. ქუთაისის მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, “სკაიფორტს” საცხოვრებელი კორპუსი 2019 წლის თებერვალში უნდა დაესრულებინა, თუმცა კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები საბოლოოდ არ შეასრულა.

დაკავებულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე დაცვის მხარემ 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა, თუმცა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გამო, მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გამოძიების ინფორმაციით, ფართების სრულად რეალიზების შემდეგ, ბრალდებულებმა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს არარსებული ფართებიც, ე.წ. “ჰაერი”, მიჰყიდეს.

გამოძიება სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და დაყადაღებული ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.