ChatGPT ნაკლებად “ადამიანური“ გახდება“ – OpenAI მოზარდებისთვის ახალ წესებს აწესებს: რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები?

ხელოვნური ინტელექტის გიგანტი OpenAI 18 წლამდე მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების ახალ ფუნქციებს აამოქმედებს. ცვლილებების მიზანია, ChatGPT მოზარდებისთვის ნაკლებად დაემსგავსოს რეალურ ადამიანს და შემცირდეს მასზე დამოკიდებულების რისკი.
- ახალი ფუნქციების მიხედვით, მოზარდებს შეეძლებათ გამორთონ ჩატბოტის “ადამიანური ხმის“ პასუხები, რათა პროგრამამ პიროვნების შთაბეჭდილება აღარ დატოვოს. გარდა ამისა, სისტემა პერიოდულად შეახსენებს ახალგაზრდებს, რომ ChatGPT მხოლოდ ხელოვნური ინტელექტია და ურჩევს მათ “შეისვენონ“, რადგან “მას შეუძლია მოიცადოს“.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, მოზარდების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას თან უნდა ახლდეს დაცვის მექანიზმები, რომლებიც მათ განვითარების ეტაპს შეესაბამება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველი 10 მოზარდიდან 9 ჩატბოტს სწავლისთვის იყენებს. სწორედ ამიტომ, სისტემაში ჩნდება “სწავლის რეჟიმი“ (Study Mode), რომელიც მოსწავლეებს დავალების ამოხსნაში ეხმარება, თუმცა მზა პასუხებს არ აძლევს.
-
საფრთხის შემცველი შეტყობინებები და მშობლების კონტროლი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მშობლებისთვის შეტყობინებების გაგზავნაა. თუ მოზარდი ჩატბოტს კვებით აშლილობასთან დაკავშირებული თემებით მიმართავს, სისტემა ამას დააფიქსირებს და მშობლებს აცნობებს. კომპანიის თქმით, თითოეულ ასეთ შემთხვევას, მშობლისთვის გაგზავნამდე, ადამიანი გადაამოწმებს.
აღსანიშნავია, რომ 13 წლამდე ბავშვებისთვის პროგრამის გამოყენება კვლავ აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ OpenAI ამტკიცებს, რომ ეს ცვლილებები კონკრეტულ პრობლემას არ უკავშირდება, ექსპერტებს შორის შეშფოთება იზრდება.
-
“ულტრა-დამუშავებული გონება“
მედიცინის დოქტორმა სიუზან შელმერდინმა BBC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალში ექიმები პაციენტებს ხელოვნური ინტელექტის მოხმარების შესახებ ისევე ჰკითხავენ, როგორც ახლა ალკოჰოლსა და თამბაქოზე ეკითხებიან.
“ჩვენ ვიცით, რას უშვება ორგანიზმს ულტრა-დამუშავებული საკვები, ეს კი ულტრა-დამუშავებული ინფორმაციაა. ჩვენ მივიღებთ ულტრა-დამუშავებული გონების მქონე ადამიანების ზვავს“, – აცხადებს ექიმი.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი შეზღუდვები საკმარისი არ არის იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მოზარდების ფსიქიკას მიაყენოს.