მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026 | 20:25
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

რუსეთის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

IPN.ge 18 აგვისტო, 2026 · 19:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მიხაილ ევდოკიმოვი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს რუსულ მხარეს გააცნეს სერიოზული შეშფოთება და აზერბაიჯანული მხარის მტკიცე პროტესტი ბოლო დროს რუსულ მედიასა და საინფორმაციო სივრცეში „აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ხალხისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაკეთებული პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების გამო“.

კერძოდ, ყურადღება გამახვილდა 2026 წლის 13 აგვისტოს Чистота понимания-ს პროექტის ფარგლებში გასულ გადაცემაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე.

„გარდა ამისა, რუსულ მხარეს შეახსენეს 7 აგვისტოს რადიო Sputnik-ზე გასული გადაცემა, სადაც გაკეთდა აბსურდული განცხადებები აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის „რუსეთის ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში“ შეყვანასთან დაკავშირებით“, ასევე 16 აგვისტოს Spas TV არხზე აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაკეთებული პროვოკაციული განცხადებები“, – აცხადებენ უწყებაში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად აზერბაიჯანული მხარის მიერ ზემოაღნიშნული ქმედებების წინააღმდეგ მიმართული არაერთი მოწოდებისა და იმ ფაქტისა, რომ საკითხი სხვადასხვა პოლიტიკურ დონეზე განიხილებოდა, მსგავსი რიტორიკის უფრო მკაცრი ფორმით გაგრძელება სერიოზული შეშფოთების საგანია.

„შეხვედრის დროს რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ გადავეცით ჩვენი მოლოდინი, რომ სასწრაფოდ და ეფექტიანად მიიღოს ზომები საინფორმაციო და მედია სივრცეში აზერბაიჯანის წინააღმდეგ პროვოკაციების, მუქარისა და ძალადობრივი რიტორიკის შესაჩერებლად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.