მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 20:48
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

გიორგი ბარამიძე – პარტიაში აზრია, რომ ერთი თავმჯდომარის ნაცვლად, იყოს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც შეასრულებენ თავმჯდომარის ფუნქციას – ასევე, შემოვიტანთ საწევროს, აპლიკაციით კი, ჩვენი წევრები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მიიღებენ მონაწილეობას

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 19:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, პარტიაში მოწინავე აზრია, რომ ჰყავდეთ არა ერთი თავმჯდომარე, არამედ ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც პოლიტიკურად შეასრულებენ თავმჯდომარის ფუნქციას.

მისივე თქმით, პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისა და პარტიის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის, ყრილობა თვიურ საწევრო გადასახადს დაადგენს.

„ამ ეტაპზე, გარდამავალ ეტაპზე, პარტიაში ძირითადი აზრია, რომ ერთი თავმჯდომარის ნაცვლად, იყოს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც პოლიტიკურად შეასრულებენ თავმჯდომარის ფუნქციას. რაც კანონმდებლობით აუცილებელია და საჭიროა, რომ რაღაცაზე ხელმომწერი იყოს ადამიანი, ისეთი ადამიანი იქნება აუცილებლად, მაგრამ ეს იქნება ფორმალობა. ეს საკითხი ამ წუთას მოხსნილია და ჩემთვის ძალიან კომფორტული და კარგია, რომ ეს ინტრიგა, რომ ვინ იქნება თავმჯდომარე, არ არის, ჩვენთვის თანამდებობა არ არის მთავარი. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვინდა, რომ პარტია იყოს რეფორმირებული და პარტიის რეფორმირების ამ ეტაპზე ორი მთავარი ამოცანა გვაქვს, რაც უნდა განვახორციელოთ, რომ პარტია გახდეს ბევრად უფრო სახალხო და მეორე, რომ გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი.

მეტად სახალხოობა ნიშნავს, რომ ჩვენი ნამდვილი წევრები ჩვენი სატელეფონო აპლიკაციით, რომელსაც შევქმნით და რომელიც იქნება შესაბამისად დაცული, მონაწილეობას მიიღებენ პარტიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში, კენჭისყრაში. საწევროს შემოვიღებთ – ფინანსური უზრუნველყოფისთვის, ფინანსური დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ნამდვილი წევრები, როგორც ყრილობა დაადგენს, იმ ოდენობის თვიურ საწევროს შესწირავენ პარტიას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პარტიის მდგრადობას, ფინანსურ დამოუკიდებლობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და არ ვიქნებით არავისზე დამოკიდებულები არც ფინანსური და არც სხვა თვალსაზრისით“, – განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ლიდერები და წევრები „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე განისაზღვრება ყრილობის ჩატარების თარიღი. პოლიტიკური საბჭოს სხდომას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ ესწრება.