მთავარი კონტენტი
Monday, 13 July, 2026 | 01:24
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

ვირტუალური სიყვარულის ანატომია – რა ხრიკებით გვაბამენ მახეში რომანტიკული თაღლითები

Prime Time July 13, 2026 12:15 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ამბავი, რომელიც 50 წლის ქართველი ქალისთვის ზღაპარს ჰგავდა, მართლაც კარგად შეთხზული ზღაპარი აღმოჩნდა, ოღონდ ბედნიერი დასასრულის გარეშე. სოციალურ ქსელში უცხოელ მამაკაცთან დაწყებული კომუნიკაცია, მალე სასიყვარულო მიმოწერაში გადაიზარდა. ნიშნობის გეგმები, ძვირფასი საჩუქრების დაპირება და ბოლოს ერთი პატარა თხოვნა: თითქოსდა მისთვის გამოგზავნილი ამანათის დეკლარირებისთვის ქალს 600 ევრო უნდა გადაეხადა. თანხა გადარიცხა, თუმცა საბოლოოდ ფულიც დაკარგა, ძვირადღირებული საჩუქრებიც და რაც მთავარია – ზღაპრული სიყვარულიც.

მას შემდეგ, რაც სიყვარულიც დასრულდა და მიმოწერაც, იმედგაცრუებულმა ქალმა საქმეში გასარკვევად ადვოკატს მიმართა. იურისტი გვიყვება, რომ მის პრაქტიკაში რომანტიკული თაღლითობის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. არცერთ ასეთ საქმეზე პროცესები იურიდიულ კონსულტაციას არ გასცდენია, რადგან საბოლოოდ სამართლებრივი რეაგირებისგან ყველა მსხვერპლი თავს იკავებს.

რომანტიკული თაღლითები დღეს სიყვარულს არა გულით, არამედ ალგორითმით “წერენ”. კარგად იციან, რა უნდა თქვან, როდის უნდა თქვან და ყველაზე მთავარი – როდის უნდა ახსენონ ფული. სპეციალისტები ამბობენ, რომ თაღლითები მსხვერპლს შემთხვევით არ ირჩევენ. ისინი დიდ დროს უთმობენ ნდობის მოპოვებას, ემოციების გაღვივებას და მხოლოდ ამის შემდეგ ითხოვენ თანხას.

ონლაინ უსაფრთხოების ექსპერტი ინგა ქარჩავა ამბობს, რომ თუ ვირტუალური პარტნიორი მოულოდნელად საბანკო გადარიცხვას მოითხოვს, მას სავარაუდოდ თქვენს ნაცვლად, თქვენივე ანგარიშის ბალანსი შეუყვარდა.

ეს სცენარი მხოლოდ საქართველოში არ თამაშდება. გაცნობის აპლიკაციებსა და სოციალურ ქსელებში ხელწერა ყველგან მსგავსია – კომპლიმენტები, სიყვარულის ახსნა, საერთო მომავლის გეგმები… და მოულოდნელად საქმეში შემოდის ფული. მსოფლიოში რომანტიკული თაღლითობა უკვე მრავალმილიონიან ინდუსტრიად იქცა. შეერთებულ შტატებში, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ფედერალურ უწყებებში 64 000-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს, ზარალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რუსეთში კი, ყალბი პაემნებით სამმა თაღლითურმა დაჯგუფებამ გასულ წელს 330 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. მსხვერპლთა უმეტესობა შუახნის ასაკს გადაცილებული ქალები და მამაკაცები არიან.

ხელოვნური ინტელექტი დღეს ონლაინ თაღლითების ხელში კიდევ ერთი ძლიერი იარაღია. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიაში ქალი დიფ ფეიკის გამოყენებით შექმნილი ვიდეოზარით მოატყუეს. მსხვერპლი დარწმუნებული იყო, რომ ეკრანზე არც მეტი, არც ნაკლები დუბაის პრინცს ესაუბრებოდა. სინამდვილეში კი პრინცი მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულება იყო, მეორე მხარეს კი იდგა თაღლითი, რომელმაც ქალს პრინცის სახელით სოლიდური თანხა გამოსძალა. იგივე მეთოდით თაღლითებმა საფრანგეთში მცხოვრებ ქალს 830 000 ევრო ბრედ პიტის სახელით გამოსძალეს. ამ შემთხვევაშიც მსახიობის გამოსახულება ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი.

რომანტიკული თაღლითობის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, ისრაელის მოქალაქე, 35 წლის საიმონ ლევიევია. ის გასული წლის სექტემბერში ბათუმის აეროპორტში გერმანიის მოთხოვნით დააკავეს, თუმცა საექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს და საქართველოც დატოვა. ადვოკატის თქმით, გერმანიამ მის მიმართ ყველა ბრალდება უკან წაიღო. ლევიევი, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალის გმირადაც იქცა. სერიალის მიხედვით, ის წლების განმავლობაში ქალებს ონლაინ გაცნობის აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს აცნობდა ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევიევის მემკვიდრედ. შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს სძალავდა.

როგორც წესი თაღლითები პოტენციურ მსხვერპლთან თავს შეძლებულ და წარმატებულ ადამიანად წარმოაჩენენ. და სანამ უცხოელი „პრინცი“, “ჰოლივუდის ვარსკვლავი“, „იტალიელი ბიზნესმენი“ ან „ამერიკელი სამხედრო“ სიყვარულს აგიხსნით, ერთი კითხვაც დაუსვით საკუთარ თავს – თუ ადამიანს მილიონები აქვს, რატომ სჭირდება მას თქვენი ფული? ზოგჯერ სწორედ ამ კითხვას შეუძლია სიყვარულიც გადაარჩინოს და დანაზოგიც.

 

https://rustavi2.ge/ka/news/357943?fbclid=IwY2xjawTA1DRleHRuA2FlbQIxMABicmlkETF2a1lQU2xYVnJRVnoybmsxc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHvX6L16wtLy3uD59sUm57jbSyMoBWiJj3YDy0gGXpI_Zs-tjZdcz4ycPHK07_aem_m4lfsNtm9jgAZTVtG6uZOw