4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს.
აქციაზე განცხადება გააკეთეს გიორგი ჩახუნაშვილის შვილებმა, დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილებმა.
„მამაჩვენის დაჭერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ, ყველამ ვიხილეთ გენერალური პროკურორის განცხადება, რომ მამაჩვენის ციხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის მხოლოდ საპროცესოს გაფორმება. მან ჩვენზე კარგად იცის, რომ ეს არ არის ერთადერთი გზა, რომელიც ითვალისწინებს მამაჩვენის გათავისუფლებას.
არსებობს ბევრი იურიდიული ბერკეტი, რომელიც საშუალებას მისცემს უდანაშაულო ადამიანს, დატოვოს საპატიმრო. ამიტომაც, მოვუწოდებთ ყველა პირს, რომელსაც შეუძლია ეს გააკეთოს – გაითვალისწინონ მისი ღვაწლი, მისი ასაკი და ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც არ წერია და არ ადასტურებს არანაირ ბრალს.
მოვუწოდებთ ყველას, რომ ეს იურიდიული ბერკეტები გამოიყენონ, რომლის შედეგადაც მარტივად შეეძლება მამაჩვენს, დატოვოს საპატიმრო“, – განაცხადა დავით ჩახუნაშვილმა.
„ჩვენ ვხვდებით, რომ გადაწყვეტილების მიმღები არის მხოლოდ ერთი ადამიანი, თუმცა მათ აქვთ პასუხისმგებლობა აღებული კონკრეტულად ამ შემთხვევაზე და არა მხოლოდ ამ შემთხვევაზე.
ყველა პოლიტიკური პატიმრის შემთხვევაში უშუალო განმახორციელებელი იყო უამრავი ადამიანი, რომელიც შეიძლება თვლის, რომ ასრულებდა ბრძანებას, თუმცა, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება და საქართველოში რეალური თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვექნება, აღარ იქნება მარტივი გამოსავალი იმის თქმა, თითქოს მხოლოდ ბრძანებას ასრულებდნენ.
თქვენ გაქვთ ის ბერკეტები, რომლითაც შეგიძლიათ, ხვალვე გამოუშვათ მამაჩვენი და სხვა პოლიტიკური პატიმრები ციხიდან. ჩვენ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ეს ბერკეტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არ დაგვავიწყდება არც ჩვენ და არც საქართველოს სხვა მოქალაქეებს”, – განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.