მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 21:31
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი ფავლენიშვილი – ლარსის გამშვები პუნქტი ივანიშვილმა მორდორის კარიბჭედ აქცია და რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი სწორედ აქედან შემოდის – რომ არ ავასრულებინოთ ჩანაფიქრი: საქართველო ქართველების გარეშე, აუცილებელია სისტემის დემონტაჟი

IPN.ge 25 აგვისტო, 2026 · 20:13 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ლარსის გამშვები პუნქტი, ბიძინა ივანიშვილმა მორდორის კარიბჭედ აქცია – რუსები დომინანტურ მდგომარეობაში ექცევიან, ეუფლებიან უძრავი ქონების ბაზარს, დიდძალ ქონებას, ბიზნესს და საფრთხეს უქმნიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა ლარსის გამშვებ პუნქტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ათი ათასობით რუსმა უკვე აიღო „ქართული ოცნების” გამარტივებული მეთოდებით საქართველოს მოქალაქეობა და მეტიც აიღებს „თუ მალე არ გავისტუმრეთ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი“.

„ჩვენ ვიმყოფებით ლარსის გამშვებ პუნქტთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა მორდორის კარიბჭედ აქცია. სწორედ აქედან უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი შემოდის. ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში, ძალიან მარტივად იღებენ მოქალაქეობას, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ გაამარტივა პროცედურები. სწორედ ასე ხორციელდება ქართველების ჩანაცვლება. ასი ათასობით ქართველი ტოვებს ჩვენს ქვეყანას უპერსპექტივობისა და სიღარიბის გამო, ასი ათასობით რუსი კი შემოდის. ათი ათასობით მათგანს უკვე მისცეს მოქალაქეობა და უფრო მეტს მისცემენ თუ მალე არ გავისტუმრეთ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი.

რუსები დომინანტურ მდგომარეობაში ექცევიან, ეუფლებიან უძრავი ქონების ბაზარს, დიდძალ ქონებას, ბიზნესს და საფრთხეს უქმნიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. იმისთვის, რომ გადავრჩეთ, არ ავასრულებინოთ მათი მზაკვრული ჩანაფიქრი, საქართველო ქართველების გარეშე, აუცილებელია ამ სისტემის დემონტაჟი და ამ იმპერიის საცეცების საქართველოში დამარცხება. დავიწყოთ ისევ სახელმწიფოებრივი ცხოვრება, რომელიც ყველა მორდორის კარიბჭეს ჩაახშობს ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ლარსის გამშვებ პუნქტთან გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბესო შენგელიამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 28 ათასზე მეტმა რუსმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, ბიძინა ივანიშვილი კი 2028 წლის არჩევნებისთვის ემზადება და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი რუსი ჩამოიყვანოს საქართველოში.

„ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მხოლოდ სასაზღვრო პუნქტი არ არის. ეს გახლავთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ფილტრი. დღეს ეს ფილტრი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აქვს მოხსნილი. მხოლოდ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 28 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ივანიშვილი ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის და რაც შეიძლება მეტი რუსის საქართველოში ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან ჩამოყვანა უნდა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს რეჟიმი დავამარცხოთ, გავუშვათ და ქართველები და საქართველო ეკუთვნოდეს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ადამიანებს, რომლებსაც გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული, აქ ლარსში იფრიალებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები“, – განაცხადა ბესო შენგელია.