საფრანგეთსა და ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძრები უკონტროლოდ ვრცელდება – ევაკუირებულია 220 000 ადამიანი, დაშავდნენ მეხანძრეებიც

საფრანგეთსა და ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძრები უკონტროლოდ ვრცელდება. ორივე ქვეყანაში უკვე 220 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ხოლო ხელისუფლება ვითარებას უპრეცედენტოს უწოდებს.
- საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ჟირონდისა და ლანდის რეგიონებში, დაახლოებით 200 000 ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. შაბათს კი ბორდოს მახლობლად მდებარე ოთხი ქალაქის – Saint-Médard-en-Jalles-ის, Saint-Jean-d’Illac-ის, Martignas-sur-Jalles-ისა და Saint-Aubin-de-Médoc-ის თითქმის 60 000 მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გაიცა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხანძრებთან საბრძოლველად სამხედრო ძალების მობილიზება ბრძანა და ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი გაააქტიურა. ქვეყანას დახმარებას ჩეხეთი და სლოვაკეთი Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენებით გაუწევენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ მიმართულებას თავად იცვლის, რის გამოც მისი კონტროლი განსაკუთრებით რთულია. სტიქიის შედეგად 50-მდე მეხანძრე დაშავდა.

არანაკლებ მძიმე ვითარებაა ესპანეთშიც, სადაც მადრიდის დასავლეთით გაჩენილი სამი ხანძარი ერთ დიდ კერად გაერთიანდა. ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ევაკუირებულია 25 000 ადამიანი. მადრიდის რეგიონული მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ცეცხლის მასშტაბი უკვე მეხანძრეების შესაძლებლობებს აღემატება.
“ამ ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელია, ამიტომ ახლა მთავარი ამოცანა მოსახლეობისა და დასახლებული პუნქტების დაცვაა” – განაცხადა მადრიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა კარლოს ნოვილომ.

- ოფიციალური მონაცემებით, მადრიდის რეგიონში უკვე 6000 ჰექტარი, ხოლო მეზობელ ავილას პროვინციაში 9000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. ევაკუირებულია რვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა შექმნილ ვითარებას “დრამატული“ უწოდა და მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. ამავდროულად, პოლიციამ ავილაში გაჩენილ ერთ-ერთ ხანძართან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავა, ხოლო მეორე პირის შესაძლო დაუდევრობას იძიებს.
ევროკავშირმა საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრების ჩაქრობის მხარდასაჭერად დამატებითი თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაგზავნა.