“რა 2008 წელს 20 პროცენტის ოკუპაცია? – ოცის ოთხმოცი პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ იქნა ჯერ კიდევ 90-იანი წლების პირველ ნახევარში” – დავით ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებაზე

“კობახიძის ნათქვამიდან გამოდის, თითქოს „ნაცმოძრაობამ“, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, საწყალ რუსეთს სხვა გზა აღარ დაუტოვა და იძულებული გახადა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა”, – ასე ეხმაურება პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.
დავით ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება „ოთხი კურდღლის მადევარია“, რადგან „თან უნდათ რუსებს ასიამოვნონ, თან არც ის უნდათ, რომ საოკუპაციო რეჟიმები აღიარონ, თან უნდათ „დიფ სთეითსაც“ გაჰკრან კბილი და თან კიდევ ერთხელ „ნაცების“ საფრთხობელაც გაათამაშონ“.
„ერთი წუთით არ შევიმჩნიოთ ის, რომ ბატონი კობახიძის ნათქვამიდან გამოდის, თითქოს „ნაცმოძრაობამ“, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, საწყალ რუსეთს სხვა გზა აღარ დაუტოვა და იძულებული გახადა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა. ისე, როგორი არშესამჩნევია მსგავსი ინტერპრეტაცია, როცა დამნაშავე თურმე საქართველოს ხელისუფლებაა იმაში, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორია აქვს დაპყრობილი, მაგრამ დროებით მოვეშვათ დისკურს-ნარატივებს და ფაქტზე გავაკეთოთ აქცენტი.
კერძოდ, რაის 2008 წელს 20 პროცენტის ოკუპაცია?
მანამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უმეტესი ნაწილი, ახალგორის რაიონისა და დიდი ლიახვის და ფრონეს ხეობის რამდენიმე სოფელს გარდა არ იყო ოკუპირებული?
მანამდე მთელი აფხაზეთი არ იყო ოკუპირებული? აფხაზეთიც „ნაცებმა“ დაგვაკარგვინეს?
დიახ, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად კიდევ დამატებით მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, იქნება ეს კოდორის ხეობა, ახალგორის რაიონი და სხვ. ასევე მაშინ მოხდა რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მაგრამ როდესაც ვამბობთ 20 პროცენტს, ელემენტარული და ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ამ ოცის ოთხმოცი პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ იქნა ჯერ კიდევ 90-იანი წლების პირველ ნახევარში.
არ იცის ეს ბატონმა კობახიძემ? ოკუპაციას და აღიარებას ვერ არჩევს ერთმანეთისგან? ცდილობს აფხაზეთის ომიც „დიფსთეითის“ გავლით „ნაცებს“ შეტენოს თუ რა ხდება?
რაღაცას რომ წვალობენ, ფაქტია, მაგრამ ეჭვი მაქვს თვითონაც არ იციან ბოლომდე რას: თან უნდათ რუსებს ასიამოვნონ, თან არც ის უნდათ, რომ საოკუპაციო რეჟიმები აღიარონ (რასაც რუსეთი მკაფიოდ ითხოვს, მაგრამ ქართველი ხალხი აშკარად ვერ მიიღებს ამას), თან უნდათ „დიფსთეითსაც“ (ანუ დასავლეთს) გაჰკრან კბილი და თან კიდევ ერთხელ „ნაცების“ საფრთხობელაც გაათამაშონ, მოკლედ, მე მგონი ორი კი არა და ოთხი კურდღლის მადევარი ხელისუფლება გვყავს და ამდენი კურდღლების დევნაში ბოლოს რა ტურასაც დაიჭერენ, იმასაც ვნახავთ“, – წერს დავით ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა.