„შეტევები, როგორც წესი, გრძელდება 1-3 დღე“ – ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება

განმეორებითი მაღალი ტემპერატურა ყოველთვის ინფექციას არ ნიშნავს — პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების (FMF) შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს. ექიმის განმარტებით, ეს მემკვიდრეობითი აუტოანთებითი დაავადება ბავშვთა ასაკში იწყება და დროული დიაგნოზისა თუ სწორი მკურნალობის გარეშე შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
„ბევრი მთხოვს პოსტს პეროდულ დაავადებაზე ( ხმელთაშუა ზღვის ცხელება),რა არისFMF ????(ხმელთაშუა ზღვის ცხელება, პერიოდული დაავადება) ეს არის მდგომარეობა, როდესაც განმეორებითი სიცხე უბრალო ინფექცია არ არის…
ბავშვს პერიოდულად აქვს მაღალი ტემპერატურა, მუცლის ძლიერი ტკივილი, ზოგჯერ გულმკერდის ან სახსრების ტკივილიც, თუმცა ყოველი შეტევის შემდეგ სრულიად ჯანმრთელად გამოიყურება. ასეთ შემთხვევაში, ერთ-ერთი დაავადება, რომელიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, არის ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება (FMF-Familial Mediterranean Fever).
FMF იშვიათი, თუმცა მნიშვნელოვანი მემკვიდრეობითი აუტოანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ინფექციის გარეშე იწვევს ანთებით ეპიზოდებს. დაავადება ყველაზე ხშირად იწყება ბავშვთა ასაკში.
რა სიმპტომებია დამახასიათებელი?
განმეორებითი, უეცრად დაწყებული მაღალი ცხელება
ძლიერი მუცლის ტკივილი
გულმკერდის ტკივილი ღრმა ჩასუნთქვისას
სახსრების ტკივილი ან შეშუპება ზოგჯერ კანზე წითელი გამონაყარი, განსაკუთრებით ქვედა კიდურებზე.
შეტევები, როგორც წესი, გრძელდება 1-3 დღე და შემდეგ ბავშვი სრულიად კარგად გრძნობს თავს, რაც ხშირად დიაგნოზის დასმას აჭიანურებს.
როგორ ისმება დიაგნოზი?
დიაგნოზი ეფუძნება:
• დაავადების დამახასიათებელ კლინიკურ სურათს
• ოჯახურ ისტორიას
• ანთებითი მაჩვენებლების შეფასებას შეტევის პერიოდში
• საჭიროების შემთხვევაში-გენეტიკურ კვლევას.
მკურნალობა
FMF-ის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა კოლხიცინი, რომელიც ყოველდღიურად მიიღება ექიმის დანიშნულებით. მისი რეგულარული გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს შეტევების სიხშირეს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცავს ბავშვს დაავადების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულების-ამილოიდოზისგან, რომელიც შესაძლოა თირკმელები დააზიანოს.კოლხიცინი ინიშნება მკაცრად ექიმის მიერ თუ თქვენს შვილს განმეორებით აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, რომელიც ყოველ ჯერზე ინფექციით ვერ აიხსნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თან ახლავს მუცლის, გულმკერდის ან სახსრების ტკივილი, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს ან ბავშვთა რევმატოლოგს.
დროული დიაგნოზი და სწორი მკურნალობა საშუალებას აძლევს FMF-ის მქონე ბავშვების უმრავლესობას იცხოვრონ სრულიად აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრებით.
ყველა განმეორებითი სიცხე ინფექცია არ არის. ზოგჯერ ის ორგანიზმის გენეტიკური თავისებურების მნიშვნელოვანი სიგნალია, რომლის დროული ამოცნობაც ბავშვის ჯანმრთელობის დაცვაში გადამწყვეტ როლს ასრულებს…. სიყვარულით თქვენი ექიმი“, – წერს პედიატრი.