მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 21:53
სწრაფი სიახლე
სპორტი

მამუკელაშვილი ბრუნდება – მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს

SportMedia 7 აგვისტო, 2026 · 15:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 13 აგვისტოდან მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფური ეტაპისთვის იწყებს მზადებას. 28 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდება.

 

მოახლოებული პრინციპული მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა, 15 კალათბურთელი დაასახელა, საიდანაც უშუალოდ სათამაშო განაცხადში 12 მოთამაშე მოხვდება. საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას სრულად თბილისში გაივლის და ოფიციალურ შეხვედრებამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

 

შეკრებაზე გამოძახებული 15-ვე კალათბურთელი დედაქალაქში 12 აგვისტოს შეიკრიბება, ხოლო 13 აგვისტოდან უშუალოდ საწვრთნელ პროცესს შეუდგება. პირველი სპარინგ-მატჩი 19 აგვისტოს, თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი ლიბანის ნაკრებს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა დახურული ტიპის იქნება – მას მაყურებელი არ დაესწრება და არც ტელეტრანსლირება იგეგმება. მეორე ამხანაგურ მატჩში საქართველო ისრაელს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც გუნდს კიდევ ხუთი დღე ექნება დარჩენილი მონტენეგროსთან ოფიციალურ ბრძოლამდე.

 

ეროვნულ გუნდში ახალი სახეები არ არიან. წინა ფანჯრისგან განსხვავებით, ამჯერად ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილი დაეხმარება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ეტაპზე, ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები გუნდებს მეორე ჯგუფურ რაუნდშც გადაჰყვათ, სადაც ახალი მეტოქეები – მონტენეგრო, პორტუგალია და საბერძნეთი იქნებიან.საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპს სწორედ მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებით იწყებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩვენი გუნდი სულ ექვს შეხვედრას გამართავს. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან სამი საუკეთესო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. 2027 წლის მსოფლიო პირველობას კატარი უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრებს კი აქვს შანსი, ზედიზედ მეორედ იასპარეზოს პლანეტის უმთავრეს საკალათბურთო ფორუმზე.

 

GBF.GE

 

2-kalatburti-1786115105.jpg

წყარო: Sportall.ge