“საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ” – ინტერვიუ “გაგრას” უკრაინელ ფორვარდთან

ეროვნული ლიგის ბინადარი “გაგრას” 23 წლის უკრაინელმა ფორვარდმა ანდრეი ანდრეიჩუკმა NV-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენი ქვეყნის შესახებ ძალიან თბილად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ადამიანი საქართველოს ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს.
-საქართველოში ბევრი რუსია. გინახავთ ისინი ქუჩებში?
-დიახ, ნამდვილად ბევრი რუსია და მათ ქუჩებსა თუ მაღაზიებში ხშირად ვხვდები, მაგრამ ვცდილობ მათ საერთოდ არ ვესაუბრო, რადგან საერთო არაფერი არ მქონდეს. რუსები თავად ქართველებსაც არ მოსწონთ.
როდესაც ინგლისურად ვლაპარაკობ და იგებენ, რომ უკრაინიდან ვარ, ძალიან თბილად მექცევიან. ყოველთვის მეკითხებიან, როგორია ჩემი სიტუაცია და დახმარება ხომ არ მჭირდება, რაც ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა.
-რა გაკვირვებთ ყველაზე მეტად ქართული ცხოვრებიდან?
-არა მგონია, რომ რაიმეთი ნამდვილად გაკვირვებული ვყოფილიყავი, რადგან ქართული და უკრაინული მენტალიტეტები ნამდვილად მსგავსია. უკრაინელებთან შედარებით ისინი კიდევ უფრო გახსნილები არიან და ვინც არ უნდა იყო, ყოველთვის დაგეხმარებიან.
-რას აკეთებთ თავისუფალ დროს საქართველოში, როცა ვარჯიშები ან მატჩები არ არის?
-ამ პერიოდში ვცდილობ, რომ ახალი ადგილები აღმოვაჩინო. ცოტა ხნის წინ, ყაზბეგში ვიყავი. თავად ქართველები ამბობენ, რომ სილამაზე არა ქალაქებში, არამედ მის გარეთაა, რაც სიმართლეს შეესაბამება.
აქ ჯერ ძალიან მცირე დროა რაც ვარ, მაგრამ ბევრი ადგილი მოვინახულე. სადაც არ უნდა წახვიდე, საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, დიდებული მთებით არის გარშემორტყმული. ბევრი ლამაზი ადგილია, საიდანაც მთელი ქალაქის ხედი იშლება.
ვესტუმრე ძველ თბილისს, ასევე ვნახე მონუმენტი “საქართველოს მატიანე”, რაც ქართველებისთვის ისტორიული და მნიშვნელოვანი ადგილია. როცა კარგი ამინდია, ხშირად ვცდილობ, რომ ფეხით ვისეირნო.
ვესტუმრე მთაწმინდის პარკს და როდესაც როცა იქ ფუნიკულიორით ადიხარ, მთელი ქალაქი ჩანს. ყველას ვურჩევდი ამ ადგილის მონახულებას, რადგან ის აბსოლუტურად ულამაზესია.
ვიყავი ბორჯომში, სადაც ულამაზესი პარკია. ეს არის ქალაქი, რომელიც ბორჯომის წყალთან ასოცირდება. მოვინახულე ბათუმი, რომელიც თბილისზე უფრო თანამედროვე ქალაქია და მას შესაძლოა, პატარა დუბაიც უწოდო.
-ამბობთ, რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია… ადგილობრივებთან დამეგობრდით?
-დიახ, ნამდვილად სტუმართმოყვარე ხალხია. თამაშების შემდეგ ბიჭები ხშირად ვიკრიბებით. მე, უკრაინელი ილია სკრიპნიკი და რამდენიმე ქართველი. ვსხედვართ, ვსაუბრობთ და ადგილობრივ სამზარეულოს ვაგემოვნებთ – ის ძალიან ცხარეა, მაგრამ გემრიელი.
ქართველები საუბრობენ თავიანთ ტრადიციებზე, ქვეყანაზე და თბილისზე. ძალიან საინტერესოა მათი მოსმენა, რადგან ეს საოცარი ქვეყანაა. ყველას ვურჩევდი, რომ საქართველოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეწვიონ.
-სამზარეულოზე დაიწყეთ ლაპარაკი… რა მოგწონთ და პირიქით არ მოგწონთ ყველაზე მეტად ქართულ სამზარეულოში?
-როდესაც პირველად ჩამოვედი, ხაჭაპური და ხინკალი გავსინჯე. ახლა უკვე ვიცი ამ შესანიშნავი კერძების გემოები, რადგან უკვე ბევრჯერ მივირთვი. ზოგადად, ქართულ სამზარეულოში ბევრი ცხარე კერძია, რაც ყველა ადამიანზე გათვლილი არაა. მაგალითად, მე ცხარე საკვები ნამდვილად არ მიყვარს.
თუმცა, აქაური სამზარეულო უნიკალურია. აქ უამრავი საჭმელია, რომელიც ხორცითა და ყველით კეთდება. მათთვის ეს, არ ვიცი, უბრალოდ ამქვეყნიურია. მაგრამ საჭმელი ძალიან, ძალიან გემრიელია.
-საქართველო ღვინითაა ცნობილი, თქვენი თანაგუნდელები ღვინოს აყენებენ?
-ბიჭებმა მითხრეს, რომ მათი მშობლები ოჯახში ღვინოს ყოველთვის აყენებენ და როდესაც სუფრა აქვთ, ყოველთვის საკუთარ სახლში დამზადებულ ღვინოს მიირთმევენ. მე ჯერჯერობით არ გამისინჯავს.
-სუფრის ტრადიციებზე რას იტყოდით?
-მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სეზონის დაწყების წინ რესტორანში შევიკრიბეთ და როგორც ამიხსნეს, აქ სადღეგრძელოები ჩვეულებრივი ამბავია. სულ 21 სადღეგრძელოა. პირველი, თუ არ ვცდები, ქვეყნისთვისაა, შემდეგ კი მშობლების, ღმერთის, ომში დაღუპულების, მეგობრების სადღეგრძელოები. ამან ნამდვილად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება.
ისინი ხშირად წარმოთქვამენ ასეთ სადღეგრძელოებს და ამ სიტყვებში მთელ სულსა და გულს დებენ. სუფრასთან საშუალება მომეცა, რომ სადღეგრძელო მეც წარმომეთქვა და რამდენიმე თბილი სიტყვა ვთქვი. მჯერა, რომ ეს სადღეგრძელოები, ეს ტრადიციები, მათთან სამუდამოდ დარჩება.
ჩემი სადღეგრძელო გუნდისკენ იყო მიმართული. იმის შესახებ, თუ როგორ მიმიღეს და რამდენად დაინტერესდნენ უკრაინაში არსებული ვითარებით. და, ზოგადად, რამდენიმე თბილი სიტყვა ითქვა გუნდის შესახებ.
აქ უკრაინისგან ყველაფერი განსხვავდება . როდესაც გუნდთან, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად მაგიდასთან ზიხარ, მათთვის ეს ენერგიის, დადებითი ემოციების გაცვლას ჰგავს და მათთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანია”.
ინფორმაციისთვის, ანდრეიჩუკმა კარიერა სამშობლოში “პრიკარპეტიაში” დაიწყო, რის შემდეგაც “ოლექსანდრიასა” და “ბუკოვინაშიც” ითამაშა. მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მან 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.
წყარო: Sportall.ge