მთავარი კონტენტი
შაბათი, 25 ივლისი, 2026 | 17:18
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

“ერთი ქალი გვეჩხუბა: “ეს რა ვნახე, ჩემს ძაღლს არ ვკადრებ საჭმლის ძირს დაგდებას და თქვენთან მომვლელი ვოლიერში ვაშლებს ისროდაო” – როგორ ცხოვრობენ თბილისის ზოოპარკის ბინადრები: ინტერვიუ მზია შარაშიძესთან

Ambebi.ge 25 ივლისი, 2026 · 14:28 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ხშირად ცხოველებს ადამიანური საზომით აფასებენ. თვლიან, რომ თუ ადამიანი თეფშიდან ჭამს და კაფელ-მეტლახიან საპირფარეშოში შედის, ცხოველიც კარგად იგრძნობს თავს, თუ მასაც ანალოგიურად მოვექცევით. ანუ, ახდენენ ანთროპომორფიზაციას (გაადამიანურებას)“ – გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი, ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მზია შარაშიძე.

მზია შარაშიძესთან ინტერვიუს პირველი ნაწილი, როგორც იცით, გასულ კვირას შემოგთავაზეთ, ახლა გთავაზობთ ინტერვიუს დაპირებული მეორე ნაწილის გაგრძელებას. თემა ჩვენი ზოოპარკი, მისი ბინადრები და ზოოპარკის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულებაა.

მზია შარაშიძე:

– ძირითადი მიზეზი, რის გამოც დამთვალიერებლები გვეჩხუბებიან, არის ის, რომ ზოოპარკში მომვლელები ცხოველებს საკვებს ტერიტორიაზე უფანტავენ. ბუნებაში ხომ ცხოველს ჯამით არავინ უდგამს საჭმელს? ის დადის, ეძებს, თხრის, ნადირობს და თვითონ მოიპოვებს საკვებს. ამ დროს ის ხარჯავს ენერგიას და დროს, ეს მისთვის ერთგვარი თავშესაქცევიცაა. ამიტომ, ზოოპარკში ცხოველს ბუნებასთან მიახლოებული პირობები რომ შევუქმნათ და მან ბუნებრივი ქცევა შეინარჩუნოს, საკვებს სპეციალურად ვუფანტავთ. ეს ყველა ცხოველისთვის ინდივიდუალურია: ზოგს ძირს უყრიან ნაყოფს, ზოგს კი მაღლა ვუკიდებთ, რომ ბუნების მსგავსად ახტომა და ჩამოგლეჯა დასჭირდეს.

– მინახავს, დათვებს მთელ ვოლიერში რომ უფანტავენ ვაშლებს, თევზს და სხვა საკვებს…

– დიახ, ასეა. ერთხელ ერთი ქალი მოვიდა და გვეჩხუბა: “ეს რა ვნახე, ჩემს ძაღლს არ ვკადრებ საჭმლის ძირს დაგდებას და თქვენთან მომვლელი იდგა და ვოლიერში ვაშლებს ისროდაო“. მისთვის ეს იყო დათვის შეურაცხყოფა… არადა, დათვისთვის აუცილებელია, რომ მომვლელმა საკვები მიმოფანტოს, რათა ცხოველმა იაროს, მოიძიოს და ამაში ენერგია დახარჯოს. ცხოველს ეს სჭირდება, რაც ფიზიკური აქტივობაცაა და მენტალური ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია, რომ სტერეოტიპული ნერვული ქცევები არ ჩამოუყალიბდეს. სამწუხაროდ, დამთვალიერებლის ნაწილს ეს არ ესმის.

– გამოდის ძალიან ერევიან შიდა სამზარეულოში…

– ჩვენთან ხომ ყველა ყველაფრის ექსპერტია და ყველამ ყველაფერი უკეთ იცის… კიდევ ერთი მაგალითი: გვეჩხუბებიან, მარტორქასთან ტალახის გუბე რატომ არისო, რადგან ადამიანისთვის ტალახი დისკომფორტია. იმის ნაცვლად, რომ დაინტერესდნენ, წაიკითხონ, ვიდეოს უყურონ, დაგუგლონ ან თუნდაც ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხონ, მაშინვე ბრაზდებიან და ლანძღავენ ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს.

როცა ვუხსნით, რომ ეს ტალახი აუცილებელია, რადგან ბუნებაშიც მარტორქა ტალახში გორაობს, როცა ცხელა, რათა კანი სიცხისგან, მზის მცხუნვარე სხივებისა და მწერებისგან დაიცვას, მერე მშვიდდებიან. ჩვენთან მომვლელები სპეციალურად უსვამენ ხოლმე ტალახს ჯაგრისით და მარტორქას ეს ძალიან სიამოვნებს. დამთვალიერებელი კი ჩხუბობს – ჯერ ერთი, ტალახი რატომაა ვოლიერში და მეორეც, რატომაა მარტორქა დასაბანიო. მათ ჰგონიათ, რომ ცხოველი უნდა იყოს დაბანილი, გაკრიალებული და სუფთა, ხოლო ტალახიანი ცხოველის დანახვაზე ჰგონიათ, რომ ცუდ პირობებში გვყავს. როცა ვეუბნებით, რომ ცხოველებს შამპუნით არ ვბანთ და არ ვვარცხნით, ამაზეც ბრაზდებიან.

– მოდი, მარტორქა და ვირების ერთ ვოლიერში თანაცხოვრებაზეც ვისაუბროთ…

– ჩვენ გვყავს თეთრი მარტორქა, “მანუელა“ (იგივე “მარო“), რომელიც ვირებთან ერთად ცხოვრობს. ამაზეც დამაკნინებელ კომენტარებს წერენ: “უიმე, ეს რა ზოოპარკია, მარტორქასთან ერთად ვირები რომ ცხოვრობენო“. ეს რას ნიშნავს? ცხოველებს ახარისხებენ. მარტორქა მათ თვალში რაღაც აღმატებულია, ვირი კი – ყველაზე მდაბიო ცხოველი და მათი ერთად ყოლა სასაცილოდ მიაჩნიათ. ჩხუბობენ, როგორ აკადრეთ ეს მარტორქასო?!

არადა, ჩვენთან ვირებისა და მარტორქის თანაცხოვრებას თავისი ისტორია აქვს. თავდაპირველად ვოლიერში “მანუელა“ და მისი მეწყვილე (მამრი მარტორქა) ერთად იყვნენ. მარტორქებს აქვთ ასეთი თავისებურება: შეწყვილების პერიოდში მამრი ცდილობს უპირატესობა დაამტკიცოს, დედალს თავი მოაწონოს და ამ სასიყვარულო თამაშების დროს ერთმანეთს დასდევენ, ჩხუბობენ კიდეც. ჩვენთან ისე მოხდა, რომ “მანუელა“ უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ამ თამაშების დროს თავისი მეუღლე შემოაკვდა – დიდი რქით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა…

მარტორქა სოციალური ცხოველია ქმრის სიკვდილის შემდეგ “მანუელა“ მარტო დარჩა და დეპრესიაში ჩავარდა: საჭმელს არ ჭამდა, აგრესიული გახდა, ნერვული ქცევები დაეწყო. ჩვენებმა ფიქრი დაიწყეს, ვინ შეესახლებინათ მასთან. თავიდან თხები შეუსახლეს, მაგრამ თხებს ეს მარტორქა საერთოდ არ აინტერესებდათ, ყურადღებას არ აქცევდნენ, თავის მხარეს გადადიოდნენ და მოკლედ, ამან მარტორქას ვერაფრით უშველა.

მერე ზებრები შეუსახლეს, რადგან აფრიკაშიც მეზობლობენ, მაგრამ ჩვენი ზებრები აგრესიულები აღმოჩნდნენ, ერთმანეთსაც აზიანებდნენ და მარტორქასთანაც უზნეოდ იქცეოდნენ, ამიტომ არც ამან გაამართლა. ბოლოს იფიქრეს და გადაწყვიტეს ვირების შესახლება, რადგან ვირები მშვიდი წყნარი არსებები არიან… მოკლედ, შეუსახლეს ვირები და აღმოჩნდა, რომ ისინი მისთვის საუკეთესო მეზობლები გახდნენ. ხასიათით შეეწყვნენ ერთმანეთს. სულ ერთად არიან – ჩრდილშიც ერთად დგებიან, ერთად სეირნობენ, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. “მანუელას“ ხასიათიც გამოუსწორდა, დამშვიდდა, დაწყნარდა და ნერვული ქცევებიც მოეხსნა. მათთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობს.

– ვირი “ყარამანიც“ ხომ გყავთ…

– კი, ერთხელ ტელევიზიაში გვქონდა ჩართვა… “ყარამანი“ ალპაკებთან ერთად ცხოვრობს. ჩვენთან ხშირად მოჰყავთ ასეთი ვირები, რომლებიც პატრონმა გამოაგდო ან რაღაც მიზეზით დატოვა… სატელევიზიო ჩართვა ალპაკების თემაზე იყო. იმისთვის, რომ კადრში ეს ცხოველები გამოჩენილიყვნენ, ვოლიერში სტაფილოებით შევედი. თან ვაჭმევდი და თან ვლაპარაკობდი. ვცდილობდი, ისინი ყოფილიყვნენ კადრში. ამ დროს მოვიდა “ყარამანი“, მიყურა, მიყურა და აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ სტაფილოს იმათ ვაჭმევდი და მას – არა. მეც რაღაცნაირად მხედველობიდან გამომრჩა, რომ იქ იდგა, რადგან ინტერვიუზე ვიყავი კონცენტრირებული. ჰოდა, ადგა და ფეხზე მიკბინა! დიდი დალურჯება მქონდა. მოკლედ, ასე დამსაჯა “ყარამანმა“ სტაფილო რომ არ ვაჭამე.

– თურმე ვეფხვებზეც სვამენ კითხვას, რატომ არიან მარტოო…

– ადამიანი სოციალური არსებაა, ამიტომ, როცა სათანადო ცოდნა არ აქვს, ზოოპარკში მარტოხელა ცხოველის დანახვა მისთვის პრობლემაა. ავტომატურად ჰგონია, რომ თუ ცხოველი მარტოა, ცუდად არის, რადგან თვითონ, ადამიანია ასე მოწყობილი. ცხოველებში სხვა მდგომარეობაა: ზოგი ჯგუფურად ცხოვრობს, ზოგი – მარტო. იმ მარტოხელა ცხოველს სხვა რომ შეუსახლო, შეიძლება ერთმანეთი დახოცონ ან დააზიანონ, რადგან მათი ბუნება ასეთია – ისინი კომფორტულად და მშვიდად სწორედ მარტო ყოფნისას არიან. ვეფხვიც ზუსტად ასეთი მაგალითია, ბუნებაშიც მარტო ცხოვრობს… მხოლოდ შეწყვილების პერიოდში, რამდენიმე დღით არის პარტნიორთან ერთად და მერე ისევ მარტო აგრძელებს ცხოვრებას.

  • თავდაპირველად, როდესაც უძველესი, ისტორიული ზოოპარკები შეიქმნა, მათ წმინდა სანახაობრივი ფუნქცია ჰქონდა. ეგზოტიკური ქვეყნებიდან ჩამოჰყავდათ ისეთი ცხოველები, რომლებიც ადამიანებს მანამდე ნანახი არ ჰყავდათ, და ხალხი მათ დასათვალიერებლად დადიოდა. დღესდღეობით ეს კონცეფცია აღარ არსებობს. თანამედროვე ზოოპარკი ჩამოყალიბდა, როგორც სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტი. ამ თემაზე კი რესპონდენტი ასე აგრძელებს საუბარს:

– დიახ, აქ მხოლოდ სახეობების გამოფენა კი არ ხდება, არამედ სერიოზული მუშაობა მიდის მათ შესანარჩუნებლად. ხშირად ვიყენებთ ტერმინს “კონსერვაცია“ და ხალხს ჰგონია, რომ კონსერვებს ვაკეთებთ. არადა, მარტივად რომ ავხსნათ, ზოოპარკი არის ერთი დიდი, დაცული გენოფონდი. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი სულ უფრო აფართოებს თავის საცხოვრებელ არეალს და ანადგურებს ველურ ბუნებას, მეტ სახეობას ემუქრება გადაშენება. ამ დროს, მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკში დაცულია ამ სახეობების გარკვეული რაოდენობა, რათა ველურ ბუნებაში გადაშენების საფრთხის შემთხვევაში, ამ შენარჩუნებული გენოფონდის წყალობით, შეგვეძლოს მათი კვლავ გამრავლება.

ისევე როგორც მსოფლიოს ყველა წამყვან ზოოპარკს, გვაქვს რამდენიმე პროექტი. ზოოპარკი არ არის მხოლოდ კონკრეტულ ადგილას მოთავსებული ცხოველების თავყრილობა, ისინი თავიანთ სამეცნიერო-კვლევით რესურსს კონკრეტული სახეობების გადასარჩენად იყენებენ. მაგალითად, გერმანიის ზოოპარკი შეიძლება აფრიკაში მუშაობდეს რომელიმე სახეობის აღდგენაზე, საფრანგეთის ზოოპარკი კი რომელიმე კუნძულზე გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენაში იყოს ჩართული. ზოგიერთი ზოოპარკი კი ადგილზე ამრავლებს კონკრეტულ სახეობას. ანუ, ეს სახეობათა გენოფონდის შენარჩუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა.

ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენაზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ცხოველებს თავდაპირველად ვამრავლებთ ზოოპარკის პირობებში, შემოსაზღვრულ სივრცეში, ხოლო შემდეგ ვცდილობთ მათ ბუნებაში დაბრუნებას (რეინტროდუქციას). შარშან უკვე გვქონდა პირველი წარმატებული მცდელობა. ამ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე სახეობაზე ვმუშაობთ, ესენია: კეთილშობილი ირემი, დასავლეთ კავკასიური ჯიხვი და ნიამორი. ეს სახეობები საქართველოში საფრთხის ქვეშ იმყოფება.

მათ ჯერ ადგილზე, ზოოპარკის ვოლიერებში ვამრავლებთ. ირმების შემთხვევაში, როდესაც ჯგუფმა გარკვეულ რაოდენობას მიაღწია (ამაზე სპეციალისტები მუშაობენ – ითვლიან, რამდენი ინდივიდი და რა სქესობრივი ბალანსია საჭირო ბუნებაში დასაბრუნებლად), შარშან ალგეთის ეროვნულ პარკში გადავიყვანეთ ირმების პირველი ჯგუფი, რომლებიც ახლა იქ ცხოვრობენ.

თუმცა, მანდაც არის თავისი სპეციფიკა: ბუნებაში დაბრუნებისას ცხოველს პირდაპირ ტყეში კი არ ვუშვებთ, არამედ ეროვნულ პარკშიც სპეციალურად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ვასახლებთ, რომ ჯერ იქ გაიარონ ადაპტაცია, გამრავლდნენ, დამოუკიდებლად არსებობა და ველური პირობები ისწავლონ. ამის შემდეგ, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად იღება ამ ვოლიერების კარი და მათ გარეთ გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ. ირმებით უკვე დავიწყეთ და ეს პროცესი ერთჯერადი არ არის, ყოველ წელს გრძელდება…

– მოკლედ, 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ბეჰემოთი “ბეგლარი“ (“ბეგი“) ზოოპარკის ყველაზე თვალსაჩინო პერსონაჟად იქცა, ერთგვარ სიმბოლოდაც. ის ყველაზე მეტად იბრძოდა გადარჩენისთვის… ვისაუბროთ ზოოპარკის ამ გამორჩეულ ბინადარზე…

– “ბეგლარი“ ჯერჯერობით ისევ ძველ ზოოპარკშია. წყალდიდობის შემდეგ, როცა მისი საცხოვრებელი განადგურდა, დიდი პრობლემა გვქონდა. “ბეგი“ არ არის იმ ზომის ცხოველი, ვინმეს ასე ადვილად რომ შეუსახლო. არ ვიცოდით, რა გვექნა და ისე მოხდა, რომ სპილოები შევავიწროვეთ – გადავიყვანეთ ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს შევასახლეთ “ბეგი“.

მერე გაჩნდა მეორე პრობლემა: ჰიპოპოტამს ზამთარში აუცილებლად სჭირდება თბილი წყალი. ამის გამო, ძალიან ჩქარა მივაშენეთ ლოჯია ამ “ნაქირავებს“ და შიგნით გავუკეთეთ აუზი, რომელიც თბებოდა. ზამთარი ასე გადაიტანა… შეზღუდული ფინანსების გამო ვერაფრით შევძელით, რომ მისი საცხოვრებელი პირობები გაგვეუმჯობესებინა. ჰიპოპოტამის ვოლიერიც და აუზიც, ზოგადად, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ზოოპარკებისთვისაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მას სჭირდება დიდი გარე სივრცე და წყალი.

მაგალითად: ამერიკის ერთ-ერთ ზოოპარკში ვიყავით ტრენინგებზე. გვითხრეს, ჰიპოპოტამებს ახალი ვოლიერი გავუკეთეთო. ჩვენ, გაჭირვებული ქვეყნიდან ჩასულები, სადაც “კაპიკს კაპიკზე ვაწებებთ“ და ვამბობთ, რომ მთლიანი ზოოპარკის ასაშენებლად 40 მილიონი გვჭირდება (რაც ჩვენთვის კოსმიური თანხაა), ვუსმენდით იმ ხალხს. გვეუბნებოდნენ: ეს ახალი ვოლიერი 200 მილიონი დოლარი დაგვიჯდაო! თან უკმაყოფილოები იყვნენ, ისეთი არ გამოვიდა, როგორიც გვინდოდაო. მერე წაგვიყვანეს უკანა მხარეს – ანუ იმ სივრცეში, რასაც დამთვალიერებელი ვერ ხედავს და რაც სამჯერ აღემატება წინა ნაწილს.

ჰიპოპოტამის შემთხვევაში ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ იგი წყალში ისაქმებს და მერე ამ ფეკალიებს კუდით აქეთ-იქით მიმოფანტავს. ამიტომ, დღეში სამჯერაც რომ უცვალო აუზში წყალი, მაინც სულ ჭუჭყიანია. ჰიპოპოტამის ვოლიერში წყლის სისუფთავის შენარჩუნება ერთ-ერთი ყველაზე დაუძლეველი პრობლემაა მთელ მსოფლიოში.

– თუკი ასეთი დიდი ძალისხმევაა საჭირო, მაშინ რატომ არ იწყებენ ფიქრს იმაზე, რომ საერთოდ აღარ მოამრავლონ ზოოპარკებში?

– ეგ ცალკე საკითხია. ხშირად მეკითხებიან ხოლმე: “თუ ირმებისა და ნიამორების გამრავლებაზე მუშაობთ, სხვა ცხოველები რაღატომ გყავთ? გაამრავლეთ მარტო ესენი!“. დამთვალიერებლისთვის ღირებული ცხოველები და მეცნიერული თვალსაზრისით ღირებული სახეობები განსხვავდება. ადამიანს შეიძლება უყვარდეს ჟირაფი, ლომი, ჰიპოპოტამი… მაგრამ ზოოპარკი, შესაძლოა, ჩართული იყოს სრულიად შეუმჩნეველი პატარა მღრღნელის ან გველის გადარჩენაში. ამერიკაში რომ ვიყავით, ის ზოოპარკი ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს ხარჯავდა ადგილობრივი გველის სახეობის შენარჩუნებაზე.

ზოოპარკი არის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. მას სჭირდება შემოსავალი. მხოლოდ გველი ან მხოლოდ ირემი რომ გვყავდეს, მათ სანახავად იმდენი ხალხი არ მოვა, რომ კონსერვაციული პროექტები დავაფინანსოთ. პოპულარული ცხოველების ნახვით შემოსული თანხა ხმარდება გადაშენების პირას მყოფ სახეობებს. ამასთან, ეს ჰიპოპოტამიც ცოცხალი გენოფონდია – თუ ბუნებაში საფრთხე დაემუქრება მისი სახეობის არსებობას, ჩვენ შევძლებთ მის აღდგენას.

– “ბეგის“ უფრო კონკრეტულად რომ დავუბრუნდეთ, როგორი “ბიჭია“ აქამდე მეწყვილე რატომ არ ჰყავს?

– იმიტომ, რომ ჯერ ახალი ბინა არ მიუღია… ისე, კარგი ბიჭია, მშვენიერი! უყვარს დამთვალიერებელი. ზოოპარკის ერთ მხარეს, სადაც მომვლელი აჭმევს, თავს იყრიან დამთვალიერებლები. დათო არის “ბეგის“ მომვლელი და ისე ჰყავს მიჩვეული, რომ ეტყვის: “აბა, პირი გააღე“, ისიც გააღებს დიდ პირს და ჩაუდებს ბალახს. ხალხს ძალიან მოსწონს ეს პროცესი.

მისი “დაოჯახება“ დიდი ხანია გვინდა. “საცოლეებიც“ შევურჩიეთ – რიგის ზოოპარკში არის ორი მდედრი. რეკონსტრუქციას გეგმავენ, ტერიტორია სჭირდებათ და უნდათ, რომ მოგვათხოვონ ეს გოგოები, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხეთ. სანამ ზღვის ვოლიერი არ დასრულდება, იმ ერთოთახიანში ორ ცოლს ვერ შევუსახლებთ.

კარაკულას ისტორია და მომავალი წიგნი

– გადავიდეთ “ტკბილ ლუკმაზე“. გასაგებია, რომ ყველა ბინადარი თავისებურად საინტერესოა, მაგრამ არის ერთი უნიკალური ძაღლი, რომელიც გადაურჩა ყველას და ყველაფერს. ეს არის “კარაკულა“. როგორც ვიცი, ახლა ბატონ ზურასთან (ზოოპარკის დირექტორი – ზურაბ გურიელიძე. – ავტ.) ცხოვრობს…

– კი, ბატონი ზურას კაბინეტში ცხოვრობს. “კარაკულას“ ისტორია ასე დაიწყო: გვყავდა ლომის ბოკვერი “შუმბა“, რომელიც დეკემბერში დაიბადა, სტიქიამდე ორი წლით ადრე. დედამ ვერ მოუარა (პირველი მშობიარობა იყო, გამოუცდელი გახლდათ). რადგან ციოდა, მომვლელებმა გამოიყვანეს და ხელით დაუწყეს გამოზრდა.

რადგან ლომი სოციალური ცხოველია და მარტოობა არ არის მისთვის რეკომენდებული, როცა “შუმბა“ ერთი თვის გახდა, ქალბატონმა გულიკომ (მომვლელი) მოიყვანა “კარაკულა“. ის პუდელისა და მეტისის ნაჯვარია, ველურ პუდელს ჰგავს. ერთი თვის “კარაკულა“ შესვეს შუმბასთან ვოლიერში და წყალდიდობამდე, თითქმის ორი წელი, ერთად ცხოვრობდნენ. განუყრელი მეგობრები იყვნენ. ერთად თამაშობდნენ, ერთად ჭამდნენ, ერთად ეძინათ. “შუმბა“ რომ გაიზარდა, წამოწოლილი იყო ხოლმე და “კარაკულას“ ზემოდან ეძინა. მთელი საზოგადოება გულშემატკივრობდა მათ. სამწუხაროდ, წყალდიდობისას “შუმბა“ ვერ გადარჩა…

იმ საშინელ დილას ტერიტორიაზე რომ შევედით, ვნახეთ, რომ “შუმბას“ ვოლიერი მთლიანად დატბორილი იყო. “კარაკულა“ კი ცოტა მოშორებით, ერთ-ერთი დაძირული მანქანის სახურავზე იჯდა, გაწუწული და ტალახიანი. გამოიყვანეს, დაბანეს, მოაწესრიგეს და იმის შემდეგ დასახლდა დირექტორის კაბინეტში.

– მგონი, ერთხელ დაიკარგა კიდეც…

– კი! ერთხელ დაიკარგა. ვეძებეთ, ვეძებეთ… აღმოჩნდა, რომ ქუჩაში ვიღაცას გაჰყვა, მანქანით სულ სხვა, მოშორებულ უბანში აღმოჩნდა და იქიდან მოგვიყვანეს.

მერე შეყვარებული გაიჩინა! ეზოში დადიოდა და კასტრაცია-სტერილიზაციისთვის არავის ეცალა. ერთ დღესაც აღმოვაჩინეთ, რომ ორსულად იყო. ლეკვები რომ გაჩნდა, საინტერესო ის იყო, რომ ყველა შავი გახლდათ, კარაკულასავით და მხოლოდ ერთი აღმოჩნდა თეთრი… ქმარი ზოოპარკში აკითხავდა! მოკლედ, იმ ერთ თეთრ ლეკვს “შუმბა“ დავარქვით და ჩვენმა თანამშრომელმა წაიყვანა. ბოლოს “კარაკულას“ გავუკეთეთ სტერილიზაცია… თავისებური ძაღლია. “შუმბასთან“ ურთიერთობაშიც ეს უფრო “ლომობდა“, ჩაგრავდა მას. სხვათა შორის, სხვა ძაღლებს საერთოდ არ იკარებს, თუ კატას დაინახავს, ადგილზე შეუძლია მოკლას – მტაცებლური თვისებები გამოუმუშავდა… ერთხელ მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და გადარჩა. ბოლოს კიდევ დაკარგული გვეგონა, ვეძებეთ და აღმოჩნდა, რომ ნიანგის ვოლიერში ჩავარდნილა! ნიანგი იყო თავისთვის და ესეც იქვე გვერდით ეჯდა. გადაურჩა ნიანგსაც. მერე “შანი“ რომ მოიყვანეს, ისიც კაბინეტში ცხოვრობდა. “კარაკულამ“ ის კონკურენტად აღიქვა, რადგან ბატონი ზურა იმას მეტ ყურადღებას აქცევდა. პროტესტის ნიშნად ოთახში არ შედიოდა და მდივნის მაგიდის ქვეშ იწვა ხოლმე. ახლა უკვე დაბერდა, ცოტა ვეღარ ხედავს, ვეღარც ესმის.

– თქვენ მართავთ ზოოპარკის სოციალურ გვერდს, ხართ იმ საოცარი სტატუსების ავტორი, რომელიც უფრო ნოველებია, რომლებსაც ხალხი ინტერესით კითხულობს. ხშირად მიფიქრია, რომ წიგნი უნდა დაწეროთ!

– ეს იდეა დიდი ხანია არსებობს. Facebook-ზეც, როცა რამეს დავწერ, ხალხი ითხოვს: “იქნებ წიგნად გამოსცეთ?“ მართლაც დავიწყე ამაზე მუშაობა. ამოვკრიბე ტექსტები, ფოტოები, დავიწყე დახარისხება. სამუშაო სათაურიც კი ჰქონდა – “თბილისის ზოოპარკის დღიური“. მოლაპარაკებაც შედგა ერთ-ერთ გამომცემლობასთან, მაგრამ მერე კოვიდპანდემია დაიწყო, გამომცემლობასაც პრობლემები შეექმნა და პროექტი გადაიდო. ამის საქმის ორგანიზებას თუ შევძლებ, მნიშვნელოვანი იქნება. ეს არ არის მხოლოდ სახალისო საკითხავი – წიგნში ბევრი საჭირო და საგანმანათლებლო ინფორმაცია იქნება ცხოველების შესახებ.

– თუმცა, ვფიქრობ, რომ “კარაკულა“ უნდა იყოს მაგ წიგნის მთავარი პერსონაჟი!

– შეიძლება, მაგაზეც ვიფიქროთ. “კარაკულა“ მართლაც ყველაფრის მომსწრეა, ცალკე წიგნსაც იმსახურებს.